Site icon Civil.ge

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის ახალი უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი იქნება

ვაშინგტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ალექს ვონგის ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ელჩი ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ახალ უფროს მრჩევლად დანიშნა.

24 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, ელჩი რიკერი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იქნება აშშ-ის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ელჩ რიკერის დანიშვნა „ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით შეერთებული შტატები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ანიჭებს“.

ელჩი რიკერი ევროკავშირთან ერთად ასევე ჩაერთვება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ფორმატში, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენელი.

პრესრელიზის თანახმად, ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ყველაზე ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის საელჩოში მსახურობდა. მანამდე, 2019-2021 წლებში, იგი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

ელჩი რიკერი ასევე იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის სამოქალაქო მოადგილის და პოლიტიკის მრჩეველი შტუტგარტში, გერმანიაში და აშშ-ის გენერალური კონსული მილანში. იგი ასევე იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბალკანეთის, ცენტრალური ევროპისა და ჰოლოკოსტის საკითხების მიმართულებით. ამ თანამდებობამდე ის 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)