აფხაზეთის უხილავი ფრონტი

პირველი რესპუბლიკის სპეცსამსახურების ისტორიიდან

ბოლშევიკები გაგრის რაიონში

ბოლშევიკურ იატაკქვეშეთისთვის გაგრის რაიონი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, რადგან იქ იდგა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და ჩრდილოეთიდან შეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად ამ დანაყოფის დაშლა-დეზორგანიზება პირველი რიგის ამოცანად ჰქონდათ ბოლშვევიკებს დასახული. ამ საქმიანობაში, ბოლშევიკები კარგად იყვნენ გამოცდილი ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან.

გაგრის სამაზრო რევკომს, რომელსაც ახალგაზრდა ბოლშევიკი, ნიკოლოზ ვოლკოვი მეთაურობდა, განსაკუთრებული მისია ჰქონდა – იგი ამყარებდა კავშირს როგორც სოხუმის საოლქო კომიტეტთან, ასევე გუდაუთისა და სამურზაყანოს რაიონის კომიტეტებთან. სწორედ ის იყო მთავარი მეკავშირე სოჭში განლაგებული წითელი არმიის შტაბისა და რუსეთის კომუნისტური პარტიის ყუბანის სამხარეო კომიტეტისათვის, მათთვის უნდა გადაეცა მოპოვებული ინფორმაცია და მათგან მიეღო სამოქმედო ინსტრუქციები. მასვე უნდა შეეძინა საბრძოლო მასალები, მოეწყო დამრტყმელი საბრძოლო ჯგუფები, შემოეკრიბა ახალი წევრები და კავშირი დაემყარებინა ქართველ ჯარისკაცებთან.

ნიკოლოზ ვოლკოვი, სოხუმის ციხეში, 1920

სწორედ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო „ნიკო ვერდი“, რომლითაც იგი ხელს აწერდა სხვადასხვა საბუთებს და გაგრის რევკომის მიერ გაცემულ მანდატებს. ვოლკოვი,  როგორც გამოცდილი მზვერავი, ხშირად ყალბ საბუთებსაც იყენებდა; მაგალითად, სოხუმთან კავშირისთვის იგი ვიგრიანოვის საბუთებით სარგებლობდა, რაც მიღებული პრაქტიკა იყო ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში. სწორედ ეს ვოლკოვი, როგორც აღმოჩნდა უკვე კარგა ხანი მალავდა ბათუმის ბოლშევიკური ორგანიზაციის ორ გამოქცეულ  ტერორისტს – ჯიბლაძესა და სურგულაძეს.

როცა ვოლკოვი მიხვდა, რომ შავიზღვისპირეთის იატაკქვეშა ჯგუფების ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდნა მასაც კარგს არაფერს უქადდა, გაგრის სასწრაფოდ დატოვება გადაწყვიტა. შეგროვილი ინფორმაციით, არალეგალური სამუშაოსთვის ცენტრიდან მიღებული ფულით და სამი თანამგზავრით ვოლკოვი სასაზღვრო ზონას მიადგა, თუმცა საზღვარზე სამი მათგანი დააკავეს, ხოლო თავად ვოლკოვმა გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა მოასწრო.

სანაპირო (სასაზღვრო) ჯარების შტაბის უფროსი, მაიორი მოსე გობრონიძე 1920 წლის 30 ივნისს თავის მოხსენებაში წერდა:

„აგენტურული ცნობებით მე გავიგე, რომ ვინმე ოთხი კერძო პირი, რომლებიც ევროპულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, 25 ივნისს გავიდნენ გაგრიდან და მიდიან ყუბანში საიდუმლო დავალებით და თან მიაქვთ მრავალი საბუთები, ის გზები, რომლითაც შეეძლოთ მათ გადასვლა ჩემი აგენტების მიერ თვალყურის დევნების ქვეშ იყვნენ. ჩემ მიერ გაგზავნილი (გვარდიის კონტრ-დაზვერვის) უფროსი გ. თავს წააწყტა ამ ოთხ კაცს და შეიპყრო ისინი შემდეგ პირობებში; მთებში მათ გზა დაბნეოდათ და მიემართათ მწყემსისთვის რომ მას ეჩვენებინა მათთვის გასავალი გზა, მწყემსი ჩემი აგენტი იყო, მწყემსმა ისინი მოიყვანა იმ ადგილზე, სადაც სიმაღლე 1140 /რუკა 2 ვერსის/  ჩვენი ჯარების წყება დგას და გადაეცა მეორე რაზმის ლეიტენანტ ცინცაძისთვის.

მათ ამოეღოთ საშვები, რომელსაც ვითომდა შტაბის ბეჭედი ქონდეს დარტყმული და ჩემი ხელმოწერილი ყოფილიყო, ეჩვენებინათ ლეიტენანტ ცინცაძისთვის და განუცხადებიათ, რომ ისინი შტაბის უფროსისგან გაშვებული არიან საიდუმლო დავალებით, მათ ლეიტენანტ ცინცაძისთვის ეთხოვნათ გაეშვა ისინი მეორე რაზმის მეცხრე გუნდში, სადაც ყოლებოდათ მათ ნათესავი ჯარისკაცები. ცინცაძეს ნება დაერთო მათთვის და გაეყოლებინა ერთი ჯარისკაცი, მაგრამ როდესაც დაღამდა ისინი დარჩნენ ტყეში ღამის გასათევად და ჯარისკაცი წასულიყო გუნდში, მეორე დღეს ჩემი გაგზავნილი აგენტი გ. შეხვდა ჯარისკაცს, რომელმაც უამბო ყველაფერი მას და გ.-მ ჯარისკაცთან ერთად შეიპყრო ზემოხსენებული პირნი. შეიპყრო სამი კაცი, ხოლო მეოთხემ რომელიც ტომით რუსი იყო, მოასწრო გაქცევა.

მათ აღმოაჩნდათ შვიდი სამხედრო რუკა, ერთ მათგანზე ჩვენი ჯარების პოზიციები არის დანიშნული. ორ მათგანს სურგულაძეს და ჯიბლაძეს აღმოაჩნდათ ორ-ორი მანდატები, ერთი ბათუმის და ერთი გაგრის ორგანიზაციებიდან, რომლიდანაც ჩანს, რომ ჯიბლაძე არის ინსტრუქტორი სამხედრო კომიტეტისა და სურგულაძე კი მწევრი ამავე კომიტეტისა. მესამე პირი აღმოჩნდა მეორე რაზმის ჯარისკაცი კალანდარიშვილი, რომელიც გადაეცა მეორე რაზმის უფროსს გასასამართლებლად, როგორც დეზერტირი. მათ აღმოაჩნდათ ერთი საბუთი, რომელიც საყურადღებოა, მანდატი რომლითაც აკაკი სურგულაძეს ევალება გასწიოს მოლაპარაკება გაგრის კომუნისტთა პარტიის სახელით ყუბანის რევკომთან მომავალი მუშაობისთვის გაგრის ფრონტზე. მათ აღმოაჩნდათ აგრეთვე რამოდენიმე წერილი და ქაღალდები სხვადასხვა წარწერებით.“

ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაპატიმრებულებიდან ორნი – გერმანე ჯიბლაძე და აკაკი სურგულაძე უკვე საიდუმლოდ იძებნებოდნენ, რადგან მათზე ფაჩულიამ ადრევე, ბათუმის მოვლენებისას შეაგროვა ცნობები და ყველა მაზრის მილიციის კომისრებს დაუგზავნა მათი ვინაობა. სურგულაძე და ჯიბლაძე პირველივე დაკითხვაზე გამოტყდნენ, რომ მათ ააფეთქეს კინტრიშის ხიდი ბათუმელი ბოლშევიკის, ნიკოლოზ ანასტასიადის სახელოსნოში დამზადებული ბომბებით და სწორედ სურგულაძემ მოკლა გენერალი ლიახოვი.

სურგულაძეს და ჯიბლაძეს აღმოაჩნდათ 75 000 მანეთი ე.წ „კერენკები“, ასევე, ციფრებით შედგენილი, რუსულ ანბანს მორგებული შიფრი, გაგრის რაიონის ფრონტის, სოხუმის ოლქის და მეზობელი რაიონების ექვსი „ხუთვერსტიანი“ მასშტაბის რუკა.

გაგრის რაიონის რუკაზე ქიმიური ფანქრით აღნიშნული ორი ადგილი მდინარე ფხისტას და მაღლობ ახახარის შუა, აგრეთვე ნაჩვენები იყო მაღლობები: 1428 – მდინარე ფსოუს მახლობლად, გადასასვლელი მდინარე ლონსტაზე და მაღლობი 1411, მთა შახანი, მდინარე მეხადირზე გადასასვლელი და ათი პუნქტი მდინარე მეხადირსა და მთა შახანს შორის.

გარდა სხვა საბუთებისა, მათ აღმოაჩნდათ ხუთი მანდატი. ორი მათგანი ეკუთვნოდა სურგულაძეს და ჯიბლაძეს და გაცემული იყო ბათუმში 17 და 19 მაისის ბათუმის ორგანიზაციის მიერ. მანდატებში აღნიშნული იყო, რომ ისინი – „დაწყებული საქმის ჩაშლის გამო იძულებულნი არიან დატოვონ ბათუმი და გადავიდნენ საბჭოთა რუსეთის ნავსადგურებში“.

როგორც მოგვიანებით გერმანე ჯიბლაძე წერდა, მათი მუშაობა ბათუმში შეუძლებელი გახდა, რადგან ტერორისტული აქტების განხორციელების შემდეგ მათ კვალზე მალე გავიდნენ ინგლისის სამხედრო პოლიცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსულოში მოქმედი ქართული კონტრ-დაზვერვა, ამიტომ დატოვეს ბათუმი და გაგრაში წავიდნენ.

ჯიბლაძე წერდა, რომ ისინი გასცა გემის მექანიკოსმა დანელიამ, რომელიც ქართული კონტრ-დაზვერვის აგენტი აღმოჩნდა. დანარჩენი 2 მანდატი გაცემული იყო გაგრის სამაზრო კომიტეტის მიერ 13 ივნისს იმავე სურგულაძის და ჯიბლაძის სახელზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ სურგულაძე წევრი იყო გაგრის მაზრის სამხედრო კომიტეტისა და ჯიბლაძე კი – ინსტრუქტორი იმავე კომიტეტისა.

მეხუთე მანდატი ეკუთვნოდათ სურგულაძეს და ვოლკოვს, რომლიდანაც ჩანდა, რომ 19 ივნისის დადგენილებით ისინი იგზავნებოდნენ ყუბანის რევოლუციურ კომიტეტთან გაგრის ფრონტზე მომავალი მუშაობის შესათანხმებლად. მესამე დაკავებულმა, მეორე რაზმის გადამწერმა – ლევან კალანდარიშვილმა აღიარა, რომ ბოლშევიკებს თანაუგრნობდა და საბჭოთა რუსეთში მიდიოდა „საბჭოთა ცხოვრების გასაცნობად“, მაგრამ სამხედრო ნაწილიდან დოკუმენტები არ გაუტაცია და ნაწილში ბოლშევიკურ აგიტაციას არ ეწეოდა, თუმცა სახალხო გვარდიის სანაპირო რაზმის კონტრ-დაზვერვის უფროსი გეგეჭკორი ეჭვობდა, რომ კალანდარიშვილმა საბუთების განადგურება მოასწრო.  

წინა გვერდი 1 2 3 4 5შემდეგი გვერდი