დაპატიმრება „ესტონიაზე“
1920 წლის 17 აგვისტოს თარასხან ეშბა და მისი თანამშრომლები სახალხო მილიციის ჯგუფთან ერთად სოხუმის პორტში გემს ელოდნენ. ეშბას საბჭოთა რუსეთიდან სანდო ცნობა მოუვიდა, რომ გადაწყვეტილი იყო სოხუმის ციხეში მყოფი, სოხუმის საოლქო და გაგრის კომიტეტის მეთაური ბოლშევიკების ციხიდან გაქცევის მოწყობა, რისთვისაც რუსეთიდან რამდენიმე პირი მოდიოდა დიდძალი ფულით.
მალე პორტში შემოსულ პატარა გემ „ესტონიაზე“ განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლები და სახალხო მილიციელები ავიდნენ და გემზე მყოფი 17 მგზავრი დააკავეს. გემის გაჩხრეკისას მასზე დიდი რაოდენობით საბჭოთა პროპაგანდისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს. მგზავრების ჩხრეკისას ორი მათგანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ.
ერთმა მათგანმა, ვლადიმერ საზონოვმა განაცხადა, რომ ის საქართველოში მყოფი საბჭოთა საელჩოს და ტუაფსეს რევკომის რწმუნებული იყო და შავიზღვისპირეთიდან საბჭოთა რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია ჰქონდა დავალებული. მეორე დაკავებულმა თქვა, რომ საზონოვის თანაშემწე – ივანე კუცენკო იყო. მათვე აღმოუჩინეს მეფის რუსეთის დროინდელი 200 000 მანეთი. საზონოვს თან ჰქონდა საქართველოში საჭოთა წარმომადგენელის მრჩევლის, სერგო ქავთარაძის ხელმოწერილი მოწმობა N 349, ასევე მას უნახეს სამხრეთის ფრონტის სამხედრო საველე შტაბის მოწმობა, სოხუმის ციხის პატიმრის მოწმობა (როგორც აღმოჩნდა, ის 1918 წლის ბოლშევიკურ აჯანყებაში მონაწილეობდა და სოხუმის ციხეშიც მჯდარა), СОК-ის 1919 წლის ივლისის მანდატი და სხვა საბუთები.
გამომძიებლებმა კუცენკოსგან ამოღებულ საბუთებში და უბის წიგნაკში შეამჩნიეს, რომ მისი ხელწერა ძალიან ჰგავდა ვასილ აგრბასთან ნაპოვნ წერილში „ნიკო ვერდის“, სურგულაძისა და ჯიბლაძის მანდატების ხელწერას, რადგან გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ რომ „ნიკო ვერდი“ ნიკოლოზ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო, მათ ეჭვი გაუჩნდათ რომ კუცენკო სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო, თუმცა პატიმარი ამას უარყოფდა. კუცენკო აჩვენეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე უბირიას, რომელიც იცნობდა ვოლკოვს და მან დაადასტურა რომ კუცენკო სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის ზაფხულში აფხაზეთის ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ყველა ლიდერი დაპატიმრებული იყო, ოქტომბერში ალაგ-ალაგ ქაოტური გამოსვლები მაინც მოხდა. ამავე დროს დააკავეს ჯგუფი, რომელსაც მიზნად ჰქონდა ნიკოლოზ ვოლკოვის ციხიდან გაქცევის მოწყობა. სამთავრობო ძალებს, რომლებიც სიტუაციას უკვე სრულად აკონტროლებდნენ, აღარ გასჭირვებიათ მათი განეიტრალება.
„ბოლშევიკური თესლები“
„საყურადღებოა ერთი მოვლენა, ის „სევა“ კუხალეიშვილი, რომელიც შემდეგში „ბოლშევიკად“ გახდა, დიდ პატივში იყო ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა პარტიაში: ყოველ საარჩევნო „კომპანიაში“ მაზედ იყო იმედი დამყარებული. რევოლუციის პირველ ხანებში, როცა ჟანდარმთა უწყება დაინგრა და მათი ყველა ქაღალდები ჩვენ ხელში გადმოვიდა, მიწერ-მოწერის განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ ერთი ძმა – სპირიდონ კუხალეიშვილი თურმე ჯაშუშად მსახურობდა და თვით „სევა“ ადგილობრივ „საჟანდარმოს“ უფროსის მფარველობის ქვეშ ყოფილა. 1907 წელს მთელი ჯგუფი სოხუმელ სოციალ-დემოკრატების ფარული ლიტერატურით დაჭერილ იქმნა, ამ ჯგუფში „სევაც“ ერია, მაგრამ მას, როგორც სჩანს ერთი ქაღალდისგან, გამოესარჩლა ადგილობრივი „საჟანდარმოს“ უფროსი და მოითხოვა „სევას“ სოხუმში დატოვება, რადგან ის მისთვის საჭირო კაცია; მიუხედველად იმისა, რომ ეს ქაღალდი წაკითხულ იქმნა ყველა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის მეთაურებისაგან, „სევა“ მაინც მოქმედ და ხელმძღვანელ პირად დარჩა სოციალ-დემოკრატიის პარტიაში. ასეთი კაცის შემწეობით მთავრობა იარაღს ურიგებდა მცხოვრებთ: „სევას“ მეოხებით შეიარაღებულია ყველა ის ბაბუშერელი „მობოლშევიკე“ მეგრელები, რომელთა საწინააღმდეგოდ მთელი ჯარის და არტილერიის წამოყენება დაგვჭირდა „კოდორის ფრონტზედ“. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ ამ „სევას“ რამე დადებითი მხარე, ღირსება აქ ისეთი, რომელსაც აფასებს პარტია: ერთად ერთი მოსათმენი ღირსება ამ „მოღვაწის“ ის არის, რომ სირბილი, ჩხუბი, მუქარა და ძალადობა შეუძლია არჩევნების საქმეში; სხვა მხრივ კი სრულიად მოუმზადებელი, უვიცი, უზრდელი და ბრიყვი ადამიანია: იშვიათია ისეთი კაცი სოხუმში, რომ ამ დაუდეგარ და ყბედ ადამიანთან უსიამოვნება არ მოსვლოდეს, მთელი ოჯახი ამ კუხალეიშვილის „ანარქიის“ საზოგადოებური საქმეების არევ-დარევის თანამგრძნობელი და ხელის შემწყობია, ყველა ისენი სხვადასხვა საპასუხო სახელმწიფო და საზოგადოებურ თანამდებობაში იყვნენ ჩაყენებული; ზოგი დეპეშების საქმეზედ, ზოგი ბანკებში და ზოგი სამაზრო სამმართველოში.
ჯაშუში სპირიდონი მისმა ძმამ – „სევამ“ გააპარა: როცა აღმასრულებელ კომიტეტში გამომჟღავნდა ცნობები სპირიდონის ჯაშუშობის შესახებ, სევას ამხანაგებმა ურუშაძემ და სხვებმა მხარი დაუჭირეს იმ წინადედებას რომ სპირიდონს სამი დღის ვადა მისცემოდა პასუხის წარმოსადგენად, თვით სევა მისი ძმის გასამართლების დროს მონაწილეობას ღებულობდა და არც ერთ სოციალისტს ამ უწესობის წინააღმდეგ ხმა არ დაუძრავს, როცა პასუხის წარმოდგენის ვადა გათავდა კომიტეტს ცნობა მოუვიდა ჯაშუში გაქცევას აპირებსო, დაჩქარებით ჯარისკაცები გაიგზავნა მის მოსაყვანად: სევა როგორც კომიტეტის წევრი, დახვდა ჯარისკაცებს, შეაჩერა ისინი, მანამდი, სანამ მისმა ძმამ გადაცმა და გაქცევა მოასწრო. ეს ფაქტი გამომჟღავნდა ჯარისკაცების განცხადებით კომიტეტში, მაგრამ აქაც სოციალისტებმა მხარი დაუჭირეს პარტიულ ამხანაგს.
როცა „ბოლშევიკების“ შემოსვლა სოხუმში წინასწარ გადაწყვეტილი იყო, უეჭველია სევას მოხერხებით ჯაშუში სპირიდონი ორი დღით ბოლშევიკებზედ ადრე შემოვიდა ქალაქში, გაჩხრეკის დროს ჯაშუშ სპირიდონს აღმოაჩნდა მოწმობა იმის, რომ ის ყოფილა მოქმედ ჯარში მეათე არმიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი. როცა ბოლშევიკები პირველად განდევნეს, ბენია ჩხიკვიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა სამსაჯულო ჯაშუში სპირიდონის განსასჯელად, სამსაჯულომ ის დანაშაულად იცნო, მაგრამ არავითარი სასჯელი არ მიუსაჯა მას.“
1919 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „საქართველოში“ ნიკო თავდგირიძის სკანდალურმა სტატიამ „ბოლშევიკური თესლები“, რომელიც პუბლიკაციების ციკლის – „აფხაზეთში“ ნაწილი იყო, დიდი სკანდალი გამოიწვია. მისმა მოურიდებელმა და წინდაუხედავმა კრიტიკამ ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინა და გაზეთი „საქართველო“ დახურა, თუმცა თავდგირიძე გაჩრებას არ აპირებდა და „საქართველოს“ ნაცვლად გამოსული „ახალი საქართველოს“ ფურცლებიდანაც ისევ გაჰკრა კბილი კუხალეიშვილს. ამჯერად ის სევას აფხაზ ბოლშევიკ – ეფრემ ეშბასთან ერთად ბაბუშერაში ოფიცერ ნიკოლოზ ემუხვარის დაჭერაში და რუსი მეზღვაურებისათვის გადაცემაში ადანაშაულებდა.
1918 წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აფხაზეთში მართლაც დიდი ამბები იყო; აჯანყებულმა ბოლშევიკებმა აფხაზეთი ანარქიის მორევში გაახვიეს, თუმცა მალე სახალხო გვარდიის ნაწილებმა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით მდინარე კოდორთან გადამწყვეტ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკური რაზმები. როგორც თავდგირიძე წერდა, 17 მაისს, შუადღისას, ვალიკო ჯუღელი სოხუმში თეთრ ცხენზე ამხედრებული, ტრიუმფით შევიდა, ხოლო აჯანყების მეთაურები ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და მათ შორის სევერიან კუხალეიშვილიც, რომელიც ბოლშევიკური მებრძოლი რაზმების შტაბის უფროსი იყო, აფხაზეთიდან გაიქცნენ. ნესტორ ლაკობა გვარდიელებმა სოჭში დაიჭირეს და 1919 წლამდე დაპატიმრებული იყო, შემდეგ კი საქართველოდან გააძევეს.
სევას არც საბჭოთა რუსეთში გასჭირვებია თავის დამკვიდრება, მან მონაწილეობა მიიღო მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში და თავიც გამოიჩინა, იგი ვლადიკავკაზის საგანგებო კომისიის (ЧК) კომენდანტად დაინიშნა. 1919 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკების მარცხისა და მოხალისეთა არმიის შემოჭრის შემდეგ სევერიან კუხალეიშვილმაც დევნილ ბოლშევიკებთან ერთად ყაზბეგის გზით ისევ საქართველოს შეაფარა თავი. მოხალისეთა არმიის ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ხელისუფლება უკვე დაპატიმრებულ ბოლშევიკებსაც კი ციხიდან უშვებდა და, რა თქმა უნდა, კუხალეიშვილის დაპატიმრება არაფერში სჭირდებოდათ. იგი აფხაზეთისკენ თავისუფლად გაატარეს, სადაც მოგვიანებით СОК-ის ერთერთ დამფუძნებელი გახდა.
შეხვედრა წარსულთან
სევერიან კუხალეიშვილს, ისევე როგორც აფხაზეთის ძველი ბოლშევიკების უმრავლესობას, რთული წარსული ჰქონდა. იგი 1912 წლამდე მენშევიკი იყო, შემდეგ ბოლშევიკებთან გადაბარგდა, საიდანაც 1916 წელს ისევ მენშევიკებს დაუბრუნდა და 1918 წელს კი ისევ ბოლშევიკთა ბანაკში ამოყო თავი. 1913 წელს სოხუმთან ახლოს, „ვენეციურ ხეობაში“ ექსკურსიის საფარქვეშ დიდი არალეგალური კონფერენცია გაიმართა – პარტიის გაერთიანების, პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და სახალხო უნივერსიტეტების საღამოს არალეგალური კურსების მოწყობის თაობაზე.
დამსწრეთა შემადგენლობა სოლიდურად გამოიყურებოდა. კონფერენციაზე აფხაზეთის ყველა პარტიული ლიდერი და პეტერბურგიდან სტუმრად ჩამოსული მენშევიკი ვერა ციდერბაუმი მონაწილეობდა, რომელიც ცნობილი რუსი მენშევიკის – იულიუს მარტოვის და იყო. აფხაზეთის მენშევიკებს, ალექსანდრე დგებუაძეს, ფილიმონ ჩხარტიშვილს, ბენედიქტე დგებუაძეს, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეს და სხვებს ალექსანდრე ჩიქავა მეთაურობდა, ხოლო ბოლშევიკებს ვალიკო ჯუღელი, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ბოლშევიკი იყო და აფხაზეთის ბოლშევიკებზე დიდი გავლენა ჰქონდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა ბოლშევიკი ისააკ ჟვანია, რომელიც, როგორც მისი თანამებრძოლების უმრავლესობა, თავიდან მენშევიკი იყო და 1912 წლიდან შეავსო აფხაზი ბოლშევიკების რიგები. კონფერენცია უშედეგოდ დასრულდა და შეთანხმება ვერ მოხერხდა. როგორც ჟვანია იხსენებდა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში მენშევიკებს უზარმაზარი გავლენა და რესურსი ჰქონდათ ბოლშევიკებთან შედარებით, ბოლშევიკებმა მაინც მოახერხეს თავიანთი შეხედულების დაცვა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ბოლშევიკების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ვალიკო ჯუღელი ნოე ჟორდანიას მიემხრო და სახალხო გვარდიის ორგანიზატორადაც იქცა, თუმცა, როგორც ჩანს, მას გავლენა არ დაუკარგავს ყოფილ თანამებრძოლებზე და მისმა ავტორიტეტმა დიდი სამსახური გაუწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აფხაზეთის შენარჩუნებაში.