აფხაზეთის უხილავი ფრონტი

პირველი რესპუბლიკის სპეცსამსახურების ისტორიიდან

ისტორიის დასასრული

1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ფარულ სამზადისს შეუდგა. მმართველი პარტიის საინფორმაციო ქსელებიდან და გენერალური შტაბის დამზვერავ განყოფილებაში უწყვეტად მოდიოდა ცნობები აზერბაიჯანში მდგარი მე-11 წითელი არმიის საბრძოლო გეგმებზე. გენერალური შტაბი და პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ წითელი არმიის თავდასხმა დეკემბრის დასაწყისში დაიწყებოდა.

გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ილია ოდიშელიძე დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა რუსეთი არა მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებიდან, არამედ კავკასიონის გადმოსასვლელებით და აფხაზეთის მხრიდანაც შემოუტევდა საქართველოს. ამ დროისთვის ქართულ ციხეებში 1 000-ზე მეტი ბოლშევიკი იჯდა. მოსალოდნელი ომის პირობებში ხელისუფლებამ ყველა მხრიდან  ღრმა ზურგში – ქუთაისის საკატორღო ციხეში მათი ევაკუაცია დაიწყო.  ქუთაისის ციხე რჩეული ბოლშევიკებით – როგორც თბილისის, ასევე ფოთისა და სოხუმის საოლქო ციხიდან გადმოყვანილი პატიმრებით აივსო. ომის სავარაუდო თარიღის გადაწევას  ქუთაისში პატიმრების კონცენტრაცია არ შეუწყვეტია და 1921 წლის იანვარში კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეემატა ქუთაისის ციხეს.

მოულოდნელად, 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში, სოხუმის საოლქო ციხიდან ქუთაისში გადაყვანის ნაცვლად ისააკ ჟვანია გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგანაც ისააკ ჟვანია არა მარტო 1920 წლის გამომჟღავნებული შეთქმულების, არამედ 1918 წლის მოვლენების აქტიური მონაწილე, „კოდორის ფრონტზე“ ბოლშევიკური მებრძოლი რაზმების კავშირის უფროსი იყო და უკან დახევის დროს ერთ-ერთმა ბოლომ დატოვა ფრონტის ხაზი. ერთი კვირის შემდეგ ჟვანია თბილისში ჩავიდა დირექტივების მისაღებად, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თავის მცირე ავტობიოგრაფიაში წერდა, ყველა ბოლშევიკური ორგანიზაცია მთავრობის მიერ განადგურებული დახვდა და იძულებული შეიქნა, პირდაპირ რუსეთის საელჩოსთან დაემყარებინა კავშირი, სადაც იმ დროს სპეციალური მისიით მამია ორახელაშვილი იმყოფებოდა. ჟვანიამ ორახელაშვილისგან სამოქმედო ინსტრუქცია მიიღო და სოხუმში დაბრუნდა, თუმცა ორახელაშვილმა ერთი თვის შემდეგ ისევ გამოიძახა თბილისში და არალეგალური სამხარეო რევკომის შექმნა დაავალა.

1921 წელი აფხაზეთში ისევ სკანდალით დაიწყო, აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე უბირია, რომელიც 1920 წლის ბოლოს აფხაზეთის სახალხო საბჭოდან გარიცხეს ბოლშევიკების სასარგებლოდ მუშაობის ეჭვის საფუძველზე, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. უბირია 1918 წელს ბოლშევიკურ აჯანყებაში მონაწილეობდა, კოდორის საუბნო კომიტეტის ორგანიზატორი იყო; იგი ვალიკო ჯუღელმა დააპატიმრა და ცოტა ხნით ოჩამჩირის ციხეშიც იჯდა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრადაც იქნა არჩეული.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენცია დაიწყო და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე მიღწეული წარმატების შედეგად ერთ კვირაში უკვე თბილისს მოადგა. როდესაც თბილისის გარშემო ქალაქის დაცვისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველოს რევკომის შექმნის მომდევნო დღეს, სოჭში 17 თებერვალს რუსეთის კომუნისტური პარტიის კავბიუროს და რუსეთის ყუბანის მე-9-ე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს მხარდაჭერით აფხაზეთის რევკომიც შეიქმნა, რომელსაც სათავეში საქართველოდან გაძევებული ბოლშევიკები – ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და ნიკოლოზ აკირტავა ჩაუყენეს, თუმცა იმ დროისთვის არც ერთი მათგანი სოჭში არ იმყოფებოდა – აკირტავა ბაქოში, ხოლო ეშბა და ლაკობა ოსმალეთში იმყოფებოდნენ. ისინი სასწრაფოდ სოჭში გამოიძახეს.

ნესტორ ლაკობა

18 თებერვალს ისააკ ჟვანიამ, რომელიც სოხუმთან ახლოს, სოფელში იაშთახვაში იმყოფებოდა, არალეგალური რევკომი შექმნა, რომელშიც მარია კარეგოდსკაია, მიხეილ ცაგურია და ილია სვერდლოვი შეიყვანა. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურების მიერ ჩატარებული წმენდის შედეგად აფხაზეთში სერიოზულ არალეგალურ მუშაობასა და აჯანყების მოწყობაზე მხოლოდ ოცნებაღა თუ შეიძლებოდა. 19 თებერვალს ყუბანის მე-9 არმიის ნაწილებმა მდინარე ფსოუსთან შეტევა დაიწყეს   სიმაგრეების – „საქართველოს ფარის“ მიმართულებით. ეს შეტევა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს, თუმცა რუსული ძალების სიმრავლემ თავისი გაიტანა და მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულმა ჯარებმა  უკან დახევა დაიწყეს. გაგრის, გუდაუთისა და ახალი ათონის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შემდეგ რუსული არმია 3 მარტს სოხუმს მოადგა.

ისააკ ჟვანიამ 3 მარტს ნაშუადღევს გაიგო ახალ ათონთან საქართველოს ჯარის თავდაცვითი ხაზის გარღვევის შესახებ და 4 მარტს ღამით რამდენიმე თანმხლებთან ერთად სოხუმისკენ დაიძრა. მან ქალაქს დილით, ზუსტად იმ დროს მიაღწია, როდესაც რესპუბლიკის ადმინისტრაცია და ჯარი სოხუმს ტოვებდნენ. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის მოსახლეობის დაცვისა და ნგრევის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი უბრძოლველად დატოვეს და მდინარე კოდორზე გამაგრდნენ. დილის 8 საათზე ისაკ ჟვანია თანმხლები პირებით და მცირერიცხოვანი რაზმით ქალაქში შევიდა, დაიკავა სამთავრობო დაწესებულებები და რევკომის  N1 ბრძანება გამოსცა  „აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ“, რასაც შემდგომში ის ყოველთვის ხაზგასმით იგონებდა. 10 საათისთვის სოხუმში წითელი არმია შემოვიდა, რომელსაც ნიკოლოზ აკირტავაც შემოჰყვა. მოგვიანებით, 6 მარტს კი სოხუმში ეფრემ ეშბა და ნესტორ ლაკობაც ჩამოვიდნენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულ ოკუპაციასა და გასაბჭოებას აფხაზეთის ბოლშევიკების ლიდერები ბათუმის ციხეში შეხვდნენ. განთავისუფლების შემდეგ ყველანი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნენ ნიკოლოზ ვოლკოვის გამოკლებით; ვოლკოვი 1920 წლის ბოლოს  ქუთაისის ციხეში იყო გადაყვანილი. 1921 წლის მარტის დასაწყისში პატიმრების ბათუმში ევაკუაციის დროს ის სასტიკად სცემეს ზურგის უფროსის, ვალოდია სულაქველიძის რაზმელებმა, რომელთაც ბოლშევიკი პატიმრები ბათუმში გადაჰყავდათ. ცემის ნიადაგზე  ვოლკოვს ნერვული აშლილობა დაეწყო და განთავისუფლების შემდეგ პარტიულ და სადაზვერვო საქმიანობას ჩამოშორდა. 

განთავისუფლების შემდეგ სევერიან კუხალეიშვილმა ისევ უშიშროების სტრუქტურაში გააგრძელა მუშაობა და აფხაზეთის საგანგებო კომისიის (АБЧК) თავმჯდომარედ დაინიშნა.

ვარლამ კილაძე ბათუმის მილიციის უფროსად დაინიშნა, რომელიც მალე აკაკი სურგულაძემ ჩაანაცვლა.

გერმანე ჯიბლაძე – ხულოს მილიციის უფროსად.

ნიკოლოზ სვანიძე აფხაზეთის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი გახდა.

ალექსანდრე უბირია ჯერ კოდორის სამაზრო რევკომის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ აფხაზეთის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

ისააკ ჟვანია აფხაზეთის ასსრ მიწადმოქმედების სახალხო კომისარი, შემდეგ კომპარტიის ზუგდიდის სამაზრო, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის კომიტეტის მდივნად იყო და ბოლოს აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა.

თუმცა, საბჭოთა უშიშროებისა და მილიციის ორგანოებში დაწინაურებული სევერიან კუხალეიშვილი, ვარლამ კილაძე, და ალექსანდრე უბირია 1923-1926 წლების ე.წ პარტიული წმენდისას სამეურნეო თანამდებობებზე გადაიყვანეს. მალე ყველანი ქართველი „ნაციონალ-უკლონისტების“ ბანაკში და შემდგომ „ტროცკისტულ ოპოზიციაში“ აღმოჩნდნენ, რის გამოც ბევრი მათგანი 1920-იანი წლების მეორე ნახევარში პარტიიდანაც იყო გარიცხული, თუმცა 30-იანი წლების დასაწყისში მონანიების საფუძველზე ისევ აღადგინეს.

უცნაურად წარიმართა აკაკი სურგულაძის და გერმანე ჯიბლაძის ბედი; სურგულაძე 1922 წელს გაასამართლა საქჩეკას კოლეგიამ, მას ბრალი ედებოდა, რომ უმისამართო სროლის დროს დახოცა კომუნისტური პარტიის წევრები; ბაშობეკი(?), დუდუჩავა და ხომერიკი, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ 3 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მეორედ ის 1923 წლის 11 იანვარს დააპატიმრეს და ბრალად დასდეს აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე თაჰსინ ხიმშიაშვილის მკვლელობის მცდელობა, რასაც საგანგებო კომისიის აგენტების შეტყობინებები ემატებოდა, რომლებიც მას ლოთობაში, მექრთამეობაში და მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა სურგულაძის პარტიული დახასიათებები პირიქით, უკიდურესად დადებითი იყო. მას ცნობილი ბოლშევიკები ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი და სერგო გუბელი (მეძმარიაშვილი) გამოექომაგნენ, თუმცა უშედეგოდ.

სურგულაძემ წაყენებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ხიმშიაშვილი არის საბჭოთა ხელისუფლების მტერი, თურქოფილი, ყოფილი ბეგი და გარშემო შემოიკრიბა ასეთივე ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საბჭოთა ხელისუფლებას და მან მხოლოდ ეს შეატყობინა აჭარის ხელისუფლებას და სხვა არაფერი მოუმოქმედებია, მისი აზრით საგანგებო კომისიის აგენტების ჩვენებები პირადი მტრობით იყო განპირობებული.

გერმანე ჯიბლაძე 1923 წლის 20 იანვარს დააპატიმრეს, იმ დროს ის აჭარის მილიციის პოლიტიკური სექტორის უფროსი იყო, მას ბრალად სურგულაძის თანამზრახველობა დასდეს და მალევე 1923 წელს ორივე დახვრიტეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის უფროსი, თარასხან ეშბა 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, ცოტა ხნით კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა, ხოლო 1922 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა და აფხაზეთში არალეგალურ მუშაობას შეუდგა, მილიციასთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ ის 1923 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს საკუთარ სახლში, სოფელ ბედიაში, მიუხედავად დიდი ზეწოლისა მან მხოლოდ ის თანამშრომლები დაასახელა რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ წასული, მისი დაკითხვის ოქმში ჩანს, რომ კითხვებს ძირითადად „არ ვიცი“ და „არ მახსოვს“ პასუხს სცემს. ეშბა სოხუმიდან თბილისში გადმოაგზავნეს, თუმცა მისგან სასურველი ინფორმაცია ისევ ვერ მიიღეს და 1923 წელსვე დახვრიტეს.

წმენდის პირველ ტალღას გადარჩენილი აფხაზეთის ბოლშევიკებისთვის უბედურების პირველი ნიშანი 1936 წლის ბოლოს აფხაზეთის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას მოულოდნელი გარდაცვალება იყო. ლაკობა თბილისში ვიზიტისას სასტუმროში გარდაიცვალა. დღემდე არსებობს დაუდასტურებელი ეჭვი, რომ ის ლავრენტი ბერიამ მოაწამლინა. ლაკობას გარდაცვალებიდან მალევე საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა დააპატიმრეს მისი მეუღლე, სარია ლაკობა, რომელიც რამდენიმეთვიანი წამების შემდეგ 1937 წელს დახვრიტეს მემარჯვენე კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.

1936 წელს დააპატიმრეს ეფრემ ეშბა, რომელიც აფხაზეთიდან შორს – სსრკ მძიმე მრეწველობის კომისარიატში მუშაობდა. მას ტროცკისტული ოპოზიციის წევრობა გაუხსენეს, რის გამოც 1927 წელს პარტიიდანაც იყო გარიცხული და  1939 წელს დახვრიტეს.

სევერიან კუხალეიშვილი 1937 წლის 10 ივნისს დააპატიმრეს.  14 ივნისს მან ზეწოლის შედეგად აღიარა, რომ 1932 წელს საქართველოს სსრ მიწადმოქმედების ყოფილმა სახალხო კომისარმა, შალვა მათიკაშვილმა „გადაიბირა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და წლების მანძილზე ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას“, თუმცა, სასამართლო სხდომაზე უარყო ბრალი და თავი დამნაშავედ არ სცნო. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ კუხალეიშვილს 1937 წლის 12 ივლისს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც მეორე დღესვე იქნა სისრულეში მოყვანილი. მალე 1937 წლის 29 ოქტომბერს დააპატიმრეს მისი და მარია კუხალეიშვილი, რომელსაც ნესტორ ლაკობას კლანთან დასდეს კავშირი და 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს.

ვარლამ კილაძე 1937 წლის 8 აპრილს დააპატიმრა შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მე-4 განყოფილებამ. მას ბრალად „კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა“ დასდეს. დაპატიმრებისას კილაძე ნორიოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორი იყო. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ კილაძეს 2 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 3 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს.

ალექსანდრე უბირია 1937 წლის 26 თებერვალს დააპატიმრეს; მას ბრალად დასდეს „მემარჯვენე ტერორისტული და დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციის წევრობა“. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 29 სექტემბერს მას დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 30 სექტემბერს იქნა სისრულეში მოყვანილი.

მოსე გობრონიძე 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ აქტიურ სამხედრო სამსახურს ჩამოსცილდა, იგი წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო პედაგოგად მუშაობდა, ასევე იყო საქართველოს სსრ სამხედრო ლიტერატურის სტამბის სექციის გამგე. მოსე გობრონიძე 1937 წელს დააპატიმრეს, მას ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მაშტაბით მოქმედებდა და მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას შეიარაღებული აჯანყების გზით. მას 1937 წლის 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 9 ოქტომბერს.

ისააკ ჟვანია 1937 წლის 21 ოქტომბერს დააპატიმრეს.  ჟვანია ამ დროს აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მასაც ბრალად დასდეს „მემარჯვენე კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა“. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულმა 1937 წლის 28 დეკემბერს მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 30 დეკემბერს.

ვასილ აგრბა მორიგი პარტიული წმენდისას 1928 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან. მას ყოფილი მღვდლობა გაუხსენეს, თუმცა, მისივე განცხადების საფუძველზე აღადგინეს 1931 წელს. მის აღდგენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში შეტანილმა მნიშვნელოვანმა წვლილმა. აგრბა 1937 წელს დააპატიმრეს არტელ „ხიმკოპში“ მუშაობისას და „აფხაზეთის ტროცკისტულ-კონტრრევოლუციური, დივერსიულ-მავნებლური და  ჯაშუშურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრობა“, აგრეთვე ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება დასდეს ბრალად და შინსახკომის სამეულმა 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 30 დეკემბერს.

ლევან კალანდარიშვილი დაპატიმრებისას ბუკნარის საბჭოთა მეურნეობის მმართველად მუშაობდა,  1937 წლის 16 ოქტომბერს მას ბრალი დასდეს კონტრ-რევოლუციურ, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობაში და დახვრეტა მიუსაჯეს, დახვრიტეს 1937 წლის 1 ნოემბერს.

დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს ნიკოლოზ სვანიძე.

დიდ ტერორს მხოლოდ ნიკოლოზ ბოკუჩავა და კონსტანტინე მაკაროვი გადაურჩნენ; ბოკუჩავა 1921 წლიდან საქართველოს სსრ პროკურატურაში მუშაობდა, იგი 1953 წელს გარდაიცვალა თბილისში. მაკაროვი 1922-30 წლებში აფხაზეთში მუშაობდა სამეურნეო დარგში, სხვადასხვა თანამდებობებზე, 1930 წელს ავადმყოფობის გამო აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა და პერსონალური პენსია დაენიშნა, გარდაიცვალა 1955 წელს.

1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, კომუნიზმი დაინგრა და მისმა ნანგრევებმა ჩაიყოლა იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც სტალინურმა რეპრესიებმა ფიზიკურად გაანადგურა და მათი სახეები საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან ამოშალა. ადამიანები, რომელთა სახელებიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ძირითადი საინფორმაციო საშუალების, პრესის ფურცლებზე ქუხდა, დავიწყებას მიეცა და დღემდე არქივების უზარმაზარ საცავებში გამოკეტილი ელის მზის სინათლეს.


[1] საქართველოს კომუნისტური პარტიის ლეგალური ბეჭდვითი ორგანო „ახალი კომუნისტი“ – გამოდიოდა 1920 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ დახურულ გაზეთ „კომუნისტის“ მაგიერ.

წინა გვერდი 1 2 3 4 5