Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა

ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხოსეპ ბორელს 21 აპრილს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას მხარეებმა კორონავირუსის გავრცელების, პანდემიასთან ბრძოლისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების, ასევე რიგ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა სპიკერმა პიტერ სტანომ 22 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ლიდერებმა „ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს“ და ხოსეპ ბორელმა ხაზი გაუსვა „ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერას კრიზისთან გამკლავების საქმეში“.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელიც ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, უმაღლესი წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ ეს ურთიერთობა“, – განაცხადა სტანომ და დასძინა, რომ ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს მომდევნო შეხვედრა, რომელიც 23 აპრილს იგეგმებოდა, შესაბამისი გარემოებების შექმნისთანავე გაიმართება.

„ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია“, – აღნიშნა პრესსპიკერმა სტანომ და დასძინა, რომ ევროკავშირი „მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ამ კონტექსტში, ბოლო დროს ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ განხორციელებული „ბორდერიზაცია“ არის „სრულიად მიუღებელი“, აღნიშნა პრესპიკერმა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოსეპ ბორელთან სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია 2020 წელს დაგეგმილმა სამიტმა განსაზღვროს ახალი, ამბიციური მიზნები, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტ პერსპექტივას გაუხსნის“.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას“.

„პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგული პარტნიორია რეგიონში და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)