Site icon Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის „გენერალური პროკურორის“ პოსტზე რუსი პროკურორი წარადგინეს

"პარლამენტის" შენობა ცხინვალში. ფოტო: cominf.org

რუსი პროკურორი ვიტალი სავჩენკო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „გენერალური პროკურორის“ კანდიდატად წარადგინეს. რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „პარლამენტს“ მისი დანიშვნის შესახებ წარდგინება დასამტკიცებლად 25 მარტს გაუგზავნა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სავჩენკო ამ თანამდებობაზე ურუზმაგ ჯაგაევს შეცვლის, რომელსაც გავრცელებული ცნობებით, ვადა აპრილში ეწურება. 2020 წლის აგვისტოში, ახალგაზრდა პატიმრის, ინალ ჯაბიევის გარდაცვალებასთან მისი სავარაუდო კავშრის გამო ჯაგაევი ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზიზისის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ოპოზიციამ მისი გადადგომის მოთხოვნით „საკანონმდებლო ორგანოს“ ბოიკოტიც გამოუცხადა, თუმცა უშედეგოდ.

„რესის“ ცნობით, 2020 წლის აპრილიდან დღემდე, სავჩენკო რუსეთის კრასნოდარის მხარის პროკურატურის განყოფილების პროკურორად მუშაობს, 2018-2020 წლებში იგი ქალაქ სოჭის ადლერის რაიონის პროკურორის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი – მას კრასნოდარის მხარისა და სოჭის პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)