ქართული სათვისტომო ჩრდილოეთ კავკასიაში
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც კავკასიაში რუსეთის იმპერიის დაპყრობითი ომები დასრულდა და მშვიდობიანობის პერიოდში ქალაქებმა დაიწყეს ზრდა-განვითარება. საქართველოს მთის მოსახლეობაზე ამ პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა და მანამდე კარჩაკეტილ ყოფას მიჩვეულ მთის მოსახლეობას ამ ახალ მსხვილ სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებთან დაახლოვებას გაუხსნა გზა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი და ქუთაისი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ქალაქები იყვნენ, მთის რაჭის და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცირემიწიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით მოხევეები, ცუდი გზების, ქართულ ქალაქებთან სიშორის და ტრანსპორტის უქონლობის გამო ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში, განსაკუთრებით – ვლადიკავკაზში მიდიოდნენ ბედის საძიებლად, სავაჭროდ და სამუშაოდ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში მუდმივად მცხოვრები ქართველების რაოდენობა უკვე რამდენიმე ათულ ათასს შეადგენდა.
1919 წლის სექტემბერში, ვლადიკავკაზის (ძაუჯიყაუ, ძაუგი) ქართული სკოლის მასწავლებელი და ამავე სკოლის მღვდელი გიორგი ნათაძე საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა გაზეთ „სახალხო საქმე“-ს სწერდა:
„სხვა რომ არა იყოს რა, კავკავს და იქ ქართველების გამრავლებას სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მთელი დუშეთის მაზრის მთიელები კავკავით იკვებებიან. მთაში მოსული ჭირნახული სამსა და ოთხ თვეს არ ჰყოფნის მთიელს და კავკავიდან ეზიდება საზრდოს. მთაში მიწის სივიწროვე გარეთ ერეკება მთიელებს.
კავკავი მახლობელი ქალაქია, მშვიდობიანი, მიწებით მდიდარი და მოსავლიანი ადგილია. ადგილობრივი მკვიდრნი ოსები და ქისტები უფრო ადვილი საშუალებით არიან მიჩვეული ქონების შეძენას. უინიციატივო და უმოქმედო ხალხი არიან ყაზახები, მდიდრები არიან მამულებით, ამასთანავე მსმელნი არიან და უქნარნი. ჯაფის მოყვარული მთიელი აქ ადვილად იკიდებს ფეხს და მუყაითი შრომით იძენს ქონებას.
სომეხი უფრო ვაჭრობას ეკიდება, დანარჩენი საქმიანობა სულ ქართველების ხელშია, ხელოსნები; მეჩოხე, მექუდე, მეუნაგირე, მეწუღე, მეყაიშე დიდი უმრავლესობა აქ ქართველები იყვნენ. სასტუმროები, რესტორნები სულ ქართველების ხელში იყო და იქ მომუშავე ოფიციანტები თითქმის სულ ქართველები იყვნენ. ღორის ხორცით მოვაჭრე, მეკალბასე, მეხილე-ბაყალი, სულ ქართველები არიან. ღვინის მოვაჭრე სომხებთან თანაბრად ქართველები იყვნენ.
ინტელიგენტური მშრომელები, ბანკებში, აფთიაქებში, მაღაზიებში დიდი უმრავლესობა ქართველები იყვნენ. მრავალი მთიელი გლეხები იჯარით იღებდნენ ქალაქისა და ყაზახების მიწებს და ნაყოფიერ მეურნეობას აწარმოებდნენ. კავკავის ბაზარში შემოტანილი შეშა, პური, ბოსტნეული და სხვა სანოვაგის დიდი ნაწილი ქართველებს ეკუთვნოდა.
თვით კავკავს ქართული ელფერი ედო, ყველგან ქართველს შეხვდებოდი, ყველგან ქართული ლაპარაკი გეყურებოდა. მთელი სტანიცები მოდებული იყო ქართველ მოვაჭრე ხელოსნებით. მრავალ ქართველს აქვს აქეთ საკუთარი სახლები და დიდი საწარმოო საქმეები. გარდა კერძო ვაჭრობა-ქონების შეძენისა, აქეთ ქართველებს საზოგადო საამხანაგო წარმოებაც ეხერხებოდა, ამ რამდენიმე წლის წინად ქ. გროზნაში შესდგა ქართველებისგან შემდგარი ნავთის საწარმოო დიდი ამხანაგობა, საჭირო თანხაც შეკრიბეს, მხოლოდ რევოლუციამ შეუშალა ხელი საქმე დაეწყოთ. ისეთი დიდი საქმე, როგორიც იყო განსვენებული სარაჯიშვილის ქარხანა, დღეს ქართველების ხელშია, დიდი სამრეწველო ამხანაგობაა ქართველთაგან შემდგარი და ამ მოკლე ხანში შეუდგებიან წარმოებას.“
ბიოგრაფია: გიორგი ნათაძე
რუსეთის თებერვლის რევოლუციის და ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ ჩრდილოეთ კავკასიაში 1918 წლის მარტში შექმნილ „თერგის საბჭოთა რესპუბლიკას“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც თერგის რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის, ძველი რევოლუციონერის და ბოლშევიკის – სამუელ (ნოე) ბუაჩიძის დამსახურება იყო. იგი საქართველოსადმი ძალიან კეთილგანწყობილი იყო და აქტიურად ცდილობდა პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების აწყობას, რის გამოც დიდი დაპირისპირება ჰქონდა თავისივე ფინანსთა სახალხო კომისარ ფილიპე მახარაძესთან, რომელსაც ერთხელ, საჯაროდ პროვოკატორიც კი უწოდა, საქართველოს საზღვარზე მომხდარი შეტაკების ორგანიზებისთვის.
ბუაჩიძემ ვლადიკავკაზში სასურსათო საკითხებზე ჩასულ საქართველოს წარმომადგენელ, მის მეგობარ სოციალ-დემოკრატ ვიქტორ თევზაიას უთხრა – „მე თქვენ ყოველივე დახმარებას გაგიწევთ. გადაეცით ეს ყველას. ვიცი თქვენი ტრაგიკული მდგომარეობა.“ თუმცა, მალე – 1918 წლის 20 ივნისს ნოე ბუაჩიძე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს მიტინგზე, სიტყვით გამოსვლისას. თევზაია ეჭვობდა, რომ ბუაჩიძის მკვლელობაში ფილიპე მახარაძის ხელი ერია. მალევე, თერგის რესპუბლიკის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ბოგდანოვმა სტალინისგან დეპეშა მიიღო ბრძანებით – სასწრაფოდ შეეწყვიტათ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა და სურსათის მიწოდება. ბუაჩიძის დაღუპვას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი საქართველოში გადმოასვენეს და 26 ივნისს მშობლიურ სოფელ ფარცხნალში დაკრძალეს.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ჩრდილო კავკასია ხან თეთრი და წითელი არმიების ხელიდან ხელში გადადიოდა. ამ არეულობამ მნიშვნელოვნად დააზარალა იქაური ქართული მოსახლეობა და ბევრს თავის გადასარჩენად სამშობლოში გამოხიზვნა აიძულა. თუმცა, გიორგი ნათაძე წერდა, რომ როგორც კი კავკავში შედარებით მშვიდობიანობა დადგა, ქართველებმა უკან დაბრუნება დაიწყეს და კვლავ შეუდგნენ ძველებურ ცხოვრებას.
ორი რუსეთის პირისპირ
1920 წლის მარტში, საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ კავკავი აიღო და ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის მოხალისეთა არმიის უკანასკნელი ნაწილები გამოდევნა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი „ერთობა“ სარედაქციო სვეტში წერდა:
„მაშასადამე „წითელ არმიის“ მოახლოვებისას ჩვენ იმის მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ჩრდილო საზღვარზე არსებითად არაფერი შეიცვლება: იდგა დენიკინის შავი ჯარი, რომელსაც ჩვენდამი მტრობა ედო გულში; – ამიერიდან იქვე იდგება „წითელი არმია“, რომელსაც ისევ ისეთი ჩვენდამი მტრობა უდევს გულში. ჩვენთვის, ჩვენს დემოკრატიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ერთს ჯარს წინ მიუძღოდა დენიკინი, მეორეს ტროცკი, რომ ერთი ჯარი იყო „შავი“ მეორე „წითელი“. რას ვაქნევთ ჩვენ ჯარის უფროსის სახელს, ან ჯარის ფერს, თუ კი ერთიც და მეორეც ერთნაირ განადგურებას უქადის ჩვენს ერს!“
“ერთობა:, 24 მარტი, 1920
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიას მუდმივად განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. ომის მსვლელისას, დროდადრო რომელიმე დამარცხებული მხარის დარიალის ხეობაში – „საქართველოს კარიბჭეს“ მოადგებოდა ხოლმე და უსაფრთხო ადგილებისკენ გატარებას ითხოვდა. პასუხად, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა რუსეთის სამოქალაქო ომში, 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოდევნილ ბოლშევიკებს, ხოლო 1920 წელს კი, დამარცხებულ მოხალისეთა არმიას ერთადერთ მოთხოვნას უყენებდა -საქართველოს ტერიტორიაზე დევნილ ჯარებს იგი მხოლოდ საერთაშორისო წესების დაცვით – იარაღის ჩაბარების შემდეგ შემოუშვებდა. ეს ულტიმატუმი ორივე მხარემ შეასრულა, რადგან დევნილ „თეთრ“ თუ „წითელ“ რუს ჯარისკაცებს დარიალის ვიწრო ხეობები ქართველი ჯარისკაცებისა და გვარდიელების მხრიდან კარგად გამაგრებული ხვდებოდათ.
1920 წლის დასაწყისში, კავკასიის მიმართულებით წითელი არმიის გააქტიურებამ და წინსვლამ, საქართველო კვლავ „ახალი მეზობლის“ გამოჩენის საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ჩრდილოეთ კავკასიასთან სავაჭრო ურთიერთობები მუდმივად ჰქონდა, რაც ძირითადად პურისა და სიმინდის შესყიდვაში გამოიხატებოდა. 1920 წლის თებერვლის ბოლოს, თბილისიდან კავკავში ახალი ეკონომიკური მისია გაემგზავრა, რომელსაც მომარაგების სამინისტროსთან დაკავშირებული პირების ნაცვლად, ცნობილი ქართველი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი – ზაქარია გურული ხელმძღვანელობდა. მისიას სახალხო გვარდიელების სპეციალურად მომზადებული ნაწილიც ახლდა, რომელსაც მისია ყოველგვარი საფრთხისაგან უნდა დაეცვა. ზაქარია გურული, ამ დროისათვის, სახალხო გვარდიის ერთერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი იყო. პარალელურად, 1919 წლიდან დამფუძნებელ კრებაში იყო არჩეული, სადაც სამხედრო და საპენსიო კომისიებში მუშაობდა.
ყაზბეგში მისიას საქართველოს კონსული კავკავში – ექიმი ვახტანგ მაჩაბელი დახვდა, რომელმაც ქალაქში ჩასვლამდე იქაური ვითარება გააცნოთ. სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო: სამოქალაქო ომით განადგურებულ მხარეს ადგილობრივები თუ ცენტრალური რუსეთიდან ბოლშევიკებს გამორიდებული არისტოკრატია და ინტელიგენცია ტოვებდა და საქართველოს საკონსულო მუდმივად რესპუბლიკაში შემოსვლის მთხოვნელთა „ალყაში“ იყო.
საქართველოს ახალ მისიას „სამხრეთ რუსეთის“ მთავრობის წარმომადგენლობა ცივად შეხვდა. გენერალმა ანტონ დენიკინმა მათი დაპატიმრების ბრძანება გასცა, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებას სოჭის მიმართულებით მოქმედ შავიზღვისპირელი მოსახლეობის – „მწვანე არმიის“ საიდუმლო დახმარებაში სდებდა ბრალს.
თუმცა, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მიმართვის და წითელი არმიის შეტევის შედეგად დენიკინისთვის გართულებული მდგომარეობის ფონზე, მოხალისეთა მთავრობას უკან დახევა მოუხდა. საქართველოს მისიას მუშაობის და სიმინდის შესყიდვის ნებართვა მისცეს. მოგვიანებით ზაქარია გურული „დათიაშვილის“ ფსევდონიმით წერდა, რომ მისიის მეორე მიზანი – ოლქის მდგომარეობის ყოველმხრივ გაცნობა და ინფორმაციის შეგროვება იყო, რისი ორგანიზებაც მათ ჩასვლისთანავე დაიწყეს:
„ჩვენ ჩასვლისთანავე მოვაწყვეთ ტელეგრაფის აღდგენის საქმე და პირდაპირი მავთულით ლაპარაკი. გვყავდა სანდო ქართველი ტელეგრაფისტიც და ყველა ამ მოძრაობის პროცესს სისტემატიურად ვაწვდიდით თბილისს.“
ზაქარია გურული
19 მარტს, როდესაც მოხალისეთა არმიის გენერალ ერდელის უკანასკნელი ნაწილები დარიალის მიმართულებით გამოსაქცევად ემზადებოდნენ, კავკავში ქართული დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც – ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი და გოგიტა ფაღავა შედიოდნენ. მათ, ყაზბეგიდან დაცვად გვარდიელების ნაწილით პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილიც ახლდათ. მისიის მიზანი ფრონტის მდგომარეობის შეფასება და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო, მათდამი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოკიდებულების შესახებ.
ქართულ დელეგაციას, ჩასვლისთანავე, სასტუმრო „პარიზში“ ადგილობრივმა გაზეთებმა ინტერვიუები ჩამოართვეს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთა უმრავლესობაც მტრულად იყო განწყობილი ორთავე – წითელი და მოხალისეთა არმიების მიმართ, იმედოვნებდნენ, რომ თერგის ოლქს ქართული ხელისუფლება დაიჭერდა. ვალიკო ჯუღელის გამოჩენას იმ იმედით შეეგებნენ, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობისგან გვარდიის შექმნას შეუდგებოდა. თუმცა, ქართული დელეგაციის განმარტებამ, რომ საქართველოს რესურსები ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლებას და წითელი არმიის დივიზიების შეტევის შეჩერებას არ ეყოფოდა, მოსახლეობა კიდევ უფრო შეაშინა და დაამწუხრა.
20 მარტს, ქალაქ ნაზრანში გოგიტა ფაღავა, ზაქარია გურული და კონსული ვახტანგ მაჩაბელი ადგილობრივ ინგუშ მოსახლეობას შეხვდნენ და წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისკენ მოუწოდეს. ქართული დელეგაცია ყაზბეგში 22 მარტს დაბრუნდა, თუმცა კავკავის საკონსულოში მაჩაბელთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად გოგიტა ფაღავა დარჩა. 24 მარტს, კავკავი წითელმა არმიამ დაიკავა და კავკასიის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის – სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, საქართველოს საკონსულო დახურეს. კონსული – ვახტანგ მაჩაბელი და გოგიტა ფაღავა დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ისევ გაათავისუფლეს და გოგიტა ფაღავას საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, ხოლო ვახტანგ მაჩაბელი ისევ კონსულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა თერგის ოლქში.
წითლების ბატონობა კავკავში
ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, საგანგებო კომისიამ (ЧК) ადგილობრივი მოსახლეობის ტერორი და შევიწროება დაიწყო. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და „თერგის ოლქის“ საბჭოთა ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა კვლავ დამძიმდა. სერგო ორჯონიკიძის დავალებით ბოლშევიკებმა საქართველოს მიმართულებითაც გააქტიურეს მუშაობა. კავკავში და სხვა ქალაქებში გაზეთი „კომუნისტი“ საქართველოს შესახებ მუდმივად ავრცელედა დეზინფორმაციას და 1920 წლის მაის-ივნისში ჯავაში და ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური აჯანყებებიც კავკავიდან იმართებოდა.
1920 წლის ივნისში, როდესაც საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილები საქართველოს აზერბაიჯანის მხრიდან უტევდნენ და ზურგში ჯავა-ცხინვალის მიმართულებით ოსი ბოლშევიკების აჯანყება მიმდინარეობდა, კავკავში საინტერესო ამბები ვითარდებოდა. ცოტა ხნით ადრე, რუსეთიდან კავკავში ჩასული ქართველი წითელარმიელი მეთაური და რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი – ნიკოლოზ მარკოზაშვილი დააპატიმრეს. მარკოზაშვილს ადგილობრივ მცხოვრებთაგან კავკასიის მეორე ცხენოსანი დივიზიის ფორმირება ჰქონდა დავალებული, თუმცა,მალევე, ჩეკისტებმა მარკოზაშვილს ბრალად დასდეს, რომ ის ადგილობრივი ქართველების გავლენის ქვეშ მოექცა და დივიზიის საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნის შემთხვევაში, მას დივიზიასთან ერთად საქართველოს მხარეზე გადასვლა ჰქონდა განზრახული. დივიზია, რომლის ფორმირება უკვე დაწყებული იყო დაშალეს და მეთაურები დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე, მარკოზაშვილის ფაქტობრივი თანაშემწე – შალვა აროშიძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. დიზივიის სამეთაურო შემადგენლობა მარკოზაშვილის თავდებობით გაათავიუსფლეს, თუმცა, მეორე დღესვე, რამდენიმე ქართველი – ლაზარიაშვილი, რუხაძე, ძნელაძე, ჩხაიძე, ჯაში და ჯიბლაძე, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის სასარგებლოდ მუშაობდნენ და მათ გადაიბირეს მარკოზაშვილი, საქართველოში გაიქცნენ. თან დივიზიის მთელი ფინანსები, 5 000 000 მანეთიც გაიტაცეს, რითაც ცხენების შესყიდვა იგეგმებოდა,რის გამოც დივიზიის ხელახლა ფორმირება ვეღარ მოხერხდა. დაპატიმრებულ მარკოზაშვილს დახვრეტა ემუქრებოდა, მაგრამ მოსკოვში ეტაპირებისას მან, სადგურ ბესლანში, მეგობრების დახმარებით გაქცევა მოახერხა და თავი საქართველოს შეაფარა.[2]
აგვისტოში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები უკვე შეწყვეტილი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველების ინტერესების დასაცავად და რესპუბლიკის წარმომადგენლად, საკონსულოები გახსნა. ყუბანის ოლქში, სტავროპოლის, შავი ზღვისპირეთში და დონის რაიონში კონსულად დაინიშნა – სამსონ პაიჭაძე, რომელის წარმომადგენლობაც სტავროპოლში იყო განთავსებული. ვიცე-კონსულები კი შემდეგნაირად განაწილდნენ: არმავირში – ნიკოლოზ გიორგობიანი, როსტოვში – ჩიქოვანი, ეკატერინოდარში – ხინთიფიძე. თერგის ოლქში, ქალაქ ვლადიკავკაზში – მღვდელი გიორგი ნათაძე, სოჭის და ტუაფსეს რაიონში კი – ხოფერია. ახლადდანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს მუშაობა რთულ პირობებში უწევდათ, რადგან ბოლშევიკები ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველების მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი და მათ ყოველმხრივ ავიწროვებდნენ, რის გამოც ბევრი ტოვებდა შეძენილ სახლ-კარს, უძრავ ქონებას და სამშობლოში გამორბოდა.