კობახიძის თქმით, გენ. პროკურორის არჩევის წესს ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად შეცვლიან
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მმართველი გუნდის მზად არის, რომ გენერალური პროკურორი მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა ხმების 3/5-ის უმრავლესობით აირჩიოს.
მისივე თქმით, ამ მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ უკვე „ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე“.
მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი გენერალური პროკურორობის კანდიდატი დეპუტატების ხმების 3/5-ს ვერ მოაგროვებს, მას ექვსი წლის ნაცვლად, ხმათა უბრალო უმრავლესობით, ერთი წლის ვადით აირჩევენ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, „საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში“ და „მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს“. მანვე ისიც განმარტა, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნულია ცვლილებების მიღება შარშან სწორედ ამ მიზეზით შეაჩერა.
„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე დასძინა, რომ „რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, ქართული ოცნება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)