საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს საზოგადოებას მიმართა და ქვეყანისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსზე, ქართული ოცნებიდან გასულების აშშ-ის მიმართ კრიტიკაზე, ფარული მიყურადების შესახებ კანონში ცვლილებებზე, ელჩების დანიშვნასა და ცესკო თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების წარდგენაზე.
კანდიდატის სტატუსი და რეკომენდაციების შესრულება
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელიც არის პირველი მნიშნველოვანი სხდომა, საქართველოსთვის ივნისში გაცემული რეკომენდაციების შემდეგ, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრია მიწვეული.
„ჩემთვის უცნაური არის რომ ხელისუფლებიდან მთავრობიდან არავინ არ ჩასულა ბრიუსელში იმისთვის, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე რაღაცა პირველადი გასაუბრება ყოფილიყო“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე დასძინა, რომ ამგვარი ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგანაც, შესაძლოა, რომ ყველაფერი წარმოდგენილი ფორმით არ იყოს მისაღები, ან რაიმე იყოს გადასახედი. „ყველაფერზე ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება“, – დასძინა მან.
„ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რამე სერიოზული საუბარი შედგეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ეს მომენტი არ შეიძლება რომ დაიკარგოს. აქ ნაბიჯები გადასადგმელი არის ძალიან ნათელი, პრემიერისთვის, მთავრობისთვის, და უმრავლესობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ეს არის [ისეთი] აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება“.
ამ კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ, უპირველეს ყოვლისა, პრემიერი, მთავრობა და უმრავლესობა „უნდა გაემინჯონ“ ქართული ოცნებიდან გასულ „იმ რაღაც სამეულს, თუ ოთხეულს, რომლებიც რაღაცა წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.
„არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუს და, მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს თუ პარტნიორებს, რომ ვითომც იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
მანვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა“. „ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც, მემემგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია“, – დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცეების მოგონება“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ახლა ყოველგვარი ეჭვების გაფანტვის დროა. „ეს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, რეპუტაციაზე, ჩვენს მიმართ ნდობაზე უარყოფითად ავლენს გავლენას, [უნდა გაიფანტოს]“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ეს ერთი არის რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში და ამის მოწმე ყველანი უნდა ვიყოთ“, – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ მეორე რაც პრემიერს ევალება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის წარდგენაა. „ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს იქ, ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებს [და] დაინახონ რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ [ევროინტეგრაციის] გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერი ასევე აპირებს მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში, რომელიც სამ კვირაში გაიმართება, სადაც ჩვენ ასევე „უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვები რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ – ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არა“.
„სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს ან ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდში“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სხვა არაფერს არავინ არ გვთხოვს. არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც ჩვენს ჩართვას რამეში“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენ წარსულს, ღირსებას, და მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია, ეს არის ის რაც უნდა გამოაჩინოთ ნიუ ორკში, გაეროში“.
„იქ სხვა თემა არ იქნება, ოკუპაცია, ომი და ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივი არის, ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილი არის ევროპული ოჯახის, ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ „ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე, პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად“. ამ სულისკვეთებით პრეზიდენტმა ოპოზიციას „თავისი რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან“ გამოსვლისკენაც მოუწოდა, რადგანაც მისივე თქმით, შედეგზე „ყველა იქნება პასუხისმგებელი“.
„მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლების არის და მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად, ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს“, – ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვეტო ფარული მიყურადების შესახებ ცვლილებებზე
ფარული მიყურადების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, რომ იგი „ვეტოს“ გამოყენების საკითხს „ძალიან ფრთხილად“ ეკიდებოდა, თუმცა „არის საკითხები როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს“.
მისი თქმით, სწორედ ასეთია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებები, რადგანაც ეს ეხება „ჩვესნ დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას“. „აქ გადის გამყოფი ხაზი, ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ, თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში, არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც „სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, რომ ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ“.
„მაგრამ ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე ვეტოს დადებით მას იმის ჩვენება სურდა, რომ ცვლილებების საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის, მიღებულია დაჩქარებულად, არაინკლუზიური კონსულტაციებით.
„არავინ [იყო] ჩართული ამ კონსულტაციებში. ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს რომ ეს არის მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული წესები, რომ მოსმენები გახდეს, კიდევ ერთხელ, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეულნი, ძალაუფლების ძლიერი ბერკეტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არ შეიძლება“.
„არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივდივართ იმისათვის და იმისკენ რომ [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მისი ვეტო „იმის მთქმელი იყო, რომ უნდა გადავწყვიტოთ საბოლოოდ საით მივდივართ“.
პრეზიდენტი ასევე მიესალმა ვენეციის კომისიის კრიტიკულ მოსაზრებას ფარული მიყურადების შესახებ ცვლილებებზე. „ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა“.
„თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არა კომპეტენტური ვარ, მემგონი, რომ ცოტა არ იყოს უხერხული არის, ზოგიერთების [მხრიდან], როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას, მითუმეტეს ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ იშველიებდნენ ვენეციის კომისიის დასკვნებს“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამიტომ, პრეზიდენტის შეფასებით, „ცოტა სერიოზულობაც გვევალება, მით უმეტეს, იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ მივიწევთ ევროპისკენ და კანდიდატობის სტატუსისკენ“.
გაეროში მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა
მიმართვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ დათანხმდა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მისი აშშ-ში ელჩად საქმიანობის პერიოდი გააკრიტიკა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძის შესახებ მისი არგუმენტები მთავრობის მხრიდან „არ იქნა მოსმენილი“, მან დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ სამ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა უნდა გაიმართოს და ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რომ „იქ არ ყოფილიყო სრულ უფლებიანი საქართველოს ელჩი“.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ელჩის დანიშვნის წინ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის წინასწარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს, თუმცა მან 1 სექტემბერს შვიდი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობის მიმართვა ისე მიიღო, რომ ამგვარი კონსულტაციები არ გამართულა.
ამ კონტექსტში მან საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ელჩების დანიშვნაზე მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რადგანაც „პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილია“.
„ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი [უნდა] თქვას“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების წარდგენა
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ „არანაირი პერსონალური შეფასება“ არ აქვს და ამავე პოსტზე ასარჩევად მისი კანდიდატურა მესამედ მხოლოდ იმიტომ არ წარადგინა, რომ პირველ ორ ჯერზე დეპუტატების 2/3ის (100 ხმა) ვერ მოაგროვა, რაც მისი 6 წლის ვადით ასარჩევად იყო საჭირო.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ახალი კანდიდატები იმ იმედით წარადგინა, რომ რომელიმე მათგანი ხმების 2/3-ს მოაგროვებს. პრეზიდენტის განმარტებით, საარჩევნო გარემოსთან მიმართებით, სწორედ ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის მოთხოვნა, რომ მოხდეს მაღალი ლეგიტიმაციისა და ფართო კონსენსუსის მქონე კანდიდატების შერჩევა.
„დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის. ეს ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ეს ასევე ეხება სხვა თანამდებობებს მაგალითად სახალხო დამცველს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში „არანაირი როლი“ არ აქვს, თუმცა, თუკი ევროპის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას მივყვებით, „საპასუხისმგებლო ადგილებზე“ ადამიანები ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაინიშნონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)