რუსეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს დაბომბვას უარყოფს

(თბილისი. 29 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები რუსეთის მიერ პანკისის ხეობის დაბომბვასთან დაკავშირებით, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”.

“ჩვენი საბრძოლო ვერტმფრენები ღამით და ისიც რთულ, მთიან რეგიონებში არ დაფრინავენ”, განაცხადა დღეს ივანოვმა.

მისი თქმით პანკისში ადგილი ჰქონდა ჩეჩნებსა და არაბ დაქირავებულ მეომრებს შორის შეტაკებას, რომლის დროსაც ტყვია-წამლის საცავი აფეთქდა. ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას უარყობს.

27 ნოემბერს, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საზღვრის დარღვევისა და პანკისის დაბომბვის ფაქტი ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე ეუთო-ს დამკვირვებლებმაც დაადასტურეს.

This post is also available in: English (ინგლისური)