უშიშროების საბჭო სამშვიდობოების საკითხის განხილვას არ აპირებს
(თბილისი. 11 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ დსთ-ს სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი უნდა განხილულიყო. მათი აფხაზეთში ყოფნის ვადა 31 დეკემბერს გავიდა. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ არის შეტანილი. უშიშროების საბჭოს მსვლელობისას სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ. ისინი სამშვიდობოების კონფილიქტის ზონიდან გაყვანას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სეპარატისტების ერთადერთი დასაყრდენი სწორედ ცისფერჩაფხუტიანები არიან. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2001 წლის ოქტომბერში პირობა მისცა მოსახლეობას, რომ რუსი სამშვიდობოები სულ მალე დატოვებდნენ საქართველოს, თუმცა ნოემბერში მან პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ არ ჩქარობს სამშვიდობოების გაყვანას. This post is also available in:
English (ინგლისური)