საქართველოს საკუთარი საზღვრების კონტროლი შეუძლია – ამბობს ბაუჩერი
(თბილისი, 26 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენ ვცდილობთ ქართველ მესაზღვრეებს დავეხმაროთ, რათა მათ საკუთარ თავზე მართლაც აიღონ პასუხისმგებლობა და პანკისის ხეობაში ტერორისტთა თარეში არ დაუშვან. ასე რომ, ჩვენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით მუდამ ის იყო, რომ საქართველოს შეუძლია თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რომ საქართველოს მხრიდან ამის შესაძლებლობა არსებობს”, განაცხადა 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა. მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ თითქოს “არავის და მათ შორის არც აშშ-ის სპეციალურ სამსახურს და არც ამ სამსახურის მიერ გაწვრთნილ საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმებს არ შეუძლიათ რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჯარის პირდაპირი ჩარევის გარეშე პანკისის ხეობაში ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვიტონ”. “მე არ მომისმენია ეს განცხადება და ამიტომაც არა მგონია, რომ მასზე კომენტარის გაკეთება შევძლო”, აღნიშნა ბაუჩერმა. მან დასძინა, რომ საქართველო პასუხისმგებელია და მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი საზღვრები და ამ საკითხში, “რა თქმა უნდა, მის მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთთან” ითანამშრომლოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)