უშიშროების საბჭო პანკისის ოპერაციის გააქტიურებას მოითხოვს

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პანკისში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, განუცხადა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

უშიშროების საბჭომ სამართალდამცველებს ძებნილი პირების იზოლირება მოსთხოვა, ხოლო თუ ტერორიზმში ეჭვმიტანილნი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, სავალდებულო პროცედურების დაცვის შემდეგ ისინი წარმოშობის ქვეყანას უნდა გადაეცნენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გუშინ, 11 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს საქართველოში მყოფი ტერორისტების გასანადგურებლად გეგმის შემუშავება დაავალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)