საქართველო აფხაზეთთან მიმართებაში გაეროს გააქტიურებას მოითხოვს
8 ნოემბერს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენო ეწვია. დასავლეთი ცდილობს კონფლიქტი ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” საფუძველზე მოაგვაროს, რომელიც საქართველოს ფარგლებში აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს. “ჩემი ვიზიტი იმის მიმანიშნებელია რომ გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,” განაცხადა ჟან-მარე გენომ 11 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოში ვიზიტისას გენო შეხვდა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირებს _ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმაძღვანელს, სახელმწიფო მინისტრს, აგრეთვე, სოხუმის თვითაღიარებული ხელიუსუფლების წარმომადგენლებს. 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გაეროს ოფიციალურმა პირმა ჩამოაყალიბა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, გამოირიცხოს კონფლიქტში სამხედრო ჩარევა, აღდგეს მოლაპარაკებები და კონფლიქტის ზონაში კრიმინალური ელემენტების საქმიანობის აღკვეთა, რომელსაც გენოს განცხადებით “ბოდენის დოკუმენტი” ითვალისწინებს. გაეროს გენერალური მდივნის საქართველოში ყოფილი წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხარეებს სთავაზობს აფხაზეთისათვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში. დოკუმენტის გარშემო მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება სეპარატისტული აფხაზეთი, რომელიც სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს. “ჩვენ ბოდენის დოკუმენტი არ გვჭირდება. ჩვენმა ხალხმა საკუთარი პოზიცია 1998 წლის 3 ოქტომბრის რეფერენდუმით გამოხატა. ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ,” _ განაცხადა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბამ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ. ამ დოკუმენტს მოსკოვშიც ეჭვის თვალით უყურებენ. “ბოდენის დოკუმენტის” ჯერ კიდევ მრავალი დეტალია გაურკვეველი და დასაზუსტებელი,” განაცხადა ოქტომბრში თავის უფლება მოსილების შეწყვეტამდე საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ გუდევმა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სოხუმში ყოფნისას განაცხადა, რომ “ბოდენის დოკუმენტი” დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების საშუალებაა და არა საბოლოო გეგმა”. ჟან-მარე გენომ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ გაერო კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს. მშვიდობიან გზას უალტენატივოდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც. “ჩვენ გვინდა კონფლიქტი მშვიდონიანად მოვაგვაროთ. ომი არც ჩვენ და არც აფხაზებს სიკეთეს არ მოუტანს” -აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე. მშვიდობიან პროცესს მხარს აფხაზური მხარეც უჭერს. “მოხარული ვარ, რომ გაერო კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა. შვიდობიანი მეთოდების გამოყენება მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს” _ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ სოხუმში ჟან-მარე გენოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ. თუმცა მხარეებს შორის ათწლიანი უნაყოფო მოლაპარაკებების შედეგად თბილისში სამხედრო მეთოდების მხარდამჭერი ლოზუნგები სულ უფრო ხშირად გაისმის. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაური თამაზ ნადარეიშვილი კი უკვე დიდი ხანია, კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. “ის, რაც სოხუმმა რუსეთის დახმარებით იარაღით მიიღო, მშვიდობით დააბრუნებს? სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ წყლის ნაყვაა” – განუცხადა ნადარეიშვილმა “სივილ ჯორჯიას”. მართალია 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაეროს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო სამშვიდობო პროცესის მომხრეა, მაგრამ იქვე დასძინა: “სულ უფრო მცირე არგუმენტი გვრჩება იმისთვის, რომ დევნილები სამშვიდობო პროცესის აუცილებლობაში დავარწმუნოთ. ისინი უკვე ათი წელია საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელიან.” გაეროს წარმომადგენლის ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ ძირითად საკითხად კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია წამოაყენა. თუმცა ამ თემაზე გაეროს წარმომადგენელს ჟურნალისტებთან შეხვედრისას კომენტარი არ გაუკეთებია. კონფლიქტის ზონაში უკვე 8 წელია, რაც დსთ-ის ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ძალები იმყოფებიან. თბილისი მათ სეპარატისტებისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებს და სამშვიდობო ოპერაციაში სხვა ქვეყნების ჩართვასაც მოითხოვს. გენომ ვიზიტისას ხაზი გაუსვა რუსეთის განსაკუთრებულ როლს კონფლიქტის მოგვარებაში და იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრი ქვეყნებიც ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. თამაზ ნადარეიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ გაეროს წარმომადგენელი კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის მნიშვნელოვამ როლზე საუბრობს. “უპირველესად უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ. აფხაზეთში საქართველოს რუსეთი გვეომებოდა. ჩვენ ამის უამრავი ფაქტი გვაქვს. არ მესმის იმ ქვეყნის როლზე საუბარი, რომელიც ჩვენ გვეომებოდა” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ 12 ნოემბერს გამგაზვრების წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტს “ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი” უწოდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებიდან ჩანს, რომ თბილისი გაეროს მოქმედებით არც თუ დიდად კმაყოფილია. “ჩვენ ვაფასებთ გაეროს საქმიანობას, მაგრამ არ ვართ კმაყოფილი იმით, რა შედეგიც ახლა გვაქვს,” განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟან-მარე გენოსთან სეხვედრის შემდეგ. გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია
ჟან-მარე გენომ საქართველოდან 12 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა სადაც აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს. მოსკოვში იმყოფებიან პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი აფხაზური კონფლიქტის საკითხებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინსტრი ანრი ჯერგენია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)