ყაზახეთი ნავთობსადენის პროექტს უერთდება
(თბილისი, 10 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ყაზახეთმა 9 დეკემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად არის 400 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი გაუშვას დღეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომლითაც ნავთობი დასავლეთის ბაზრებს მიეწოდება.
ნოემბრის თვიდან ყაზახეთის სახელმწიფო ნავტობკომპანია “კაზმუნაიგაზი” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობსადენის კონსორციუმთან, რომელსაც ბრიტანული კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი” ხელმძღვანელობს.
მანამდე ბრიტანული კომპანია აცხადებდა, რომ მიესალმებოდა პროექტთან ყაზახეთის მიერთებას. კონსორციუმი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანში საკმარისი ნავთობია იმისათვის, რომ მილსადენით დღეში მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიაროს, მაგრამ ყაზახეთის წინადადებაც მიღებული იქნა განსახილველად. ამჟამად მზადდება მთავრობათშორისი ხელშეკრულება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)