რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა კერძო კომპანიამ აღადგინა

(თბილისი, 15 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის რკინიგზის მინისტრის მოადგილემ იური დიაკონოვმა 14 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის რკინიგზის სამინისტროს არანაირი კავსირი არ აქვს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან.

მისი თქმით, სარკინიგზო რეისები კერძო კომპანიამ განაახლა, სამინისტროს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.

რუსეთის ხელისუფლების კომენტარი მოჰყვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე არ გაუხანგრძლივებს მანდატს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებს, თუ რუსეთი სეპარატისტების მიერ მართვად აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას არ შეწყვეტს.

ამჟამად მოსკოვში იმყოფება საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს რუსეთის ხელისუფლება, რომ შეწყვიტოს სარკინიგზო კავშირი აფხაზეთთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)