პუტინმა საქართველოსთვის გაზის აღდგენა მოითხოვა
თბილისს გაზი ორ კვირაში ექნება 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რათა საქართველოს რუსული გაზის მიწოდება 24 საათში აღუდგეს. რუსეთიდან საქართველოში გაზის მოწოდება 17 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად შეუწყდა. ეს გაზსადენზე მომხდარი უკვე მეორე აფეთქებაა. პრიველი აფეთქდა ძირითადი, 1200 მმ მილი, ხოლო 17 იანვარს კი უკვე სარეზერვო 700მმ გაზსადენი აფეთქდა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა მთელ თბილისს. ამ თემას რუსეთის პრეზიდენტი 23 იანვარს გამართულ “გაზპრომისა” და “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” ხელმძღვანელებთან შეხვედრისას შეეხო. “გაზპრომის” ხელმძღვანელობა პუტინს დაპირდა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი საქართველოს გაზის მიწოდებას აღუდგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კიზირიამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ რუსი ექსპერტები ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზის 700-მმ და 1200-მმ მილების დაზიანებას დაუდგენელი პირების მხრიდან ჩადენილი დივერსიული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ. ამ მოსაზრებას საქართველოს სათბობ ენეგეტიკის სამინისტროშიც ეთანხმებიან. მომხდარ ფაქტს რუსეთის მხარე იძიებს. სპეციალისტების განცხადებით რუსეთის ტერიტორიაზე დაზიანებული გაზსადენის აღდგენა 24 იანვარს დასრულდება. ამის მიუხედავად ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის მოსახლეობისათვის სავარაუდოდ ორ კვირაში გახდება შესაძლებელი, ეს დრო გაზის მილების ტექნიკურად მომზადებისთვის არის საჭირო, რათა ბუნებრივი აირის გაშვების დროს რაიმე დაზიანება არ მოხდეს. ამ დროისათვის ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაზიანებული 700-მმ გაზის მილზე სტავროპოლის კომპანია “ტრანსგაზის” ექსპერტები მუშაობენ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კიზირიამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებს. ეს მილებზე მომხდარი აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ, 20 იანვარს გახდა შესაძლებელი. კიზირია მილების აღდენისათვის საჭირო თანხას ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ საჭირო ფინანსებს მთლიანად რუსული მხარე უზრუნველყოფს. რაც შეეხება 1200მმ მილს, მისი შეკეთება იანვრის ბოლოსთვის დასრულდება. ქართული მხარე აღდგენითი სამეშაოები გაჭიანურებას არ გამორიცხავს, რთული რელიეფური მდგომარეობის გამო. ამ დროისათვის თბილისში მთლიანად შეწყვეტილია გაზის მიწოდება. “თბილგაზის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ თბილისის გაზის მეურნეობის აირით დატვირთვა ორ კვირაში დაიწყება. პირველ ეტაპზე გაზის მიწოდება 1700-მდე აბონენტს აღუდგება. შემდეგ ორგანიზაციებსა და საწარმოებს. გაზის მილებზე მომხდარ ავარიას, თბილისში ელექტრომომარაგების მხრივ პრობლემები მოჰყვა. გაჩერდა “ეი-იე-სის’ მე-9 ენერგობლოკი, ასევე შეწყვეტილია სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, რაც გაზსადენზე მომხდარ ავარიას უკავშირდება. ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ნაწილობრივ სომხეთსაც შეუწყდა. თბილისის დიდ ნაწილს დღემდე ენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. 23 იანვარს “ეი-იე-ს-თელასი” და რუსეთის მხარე შეთანხმდენენ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ. “ეი-ი-ესის” გენერალური მენეგერის იგნასიო ირიბარენის განცხადებით რუსეთიდან 120-150 მგვტ-ი ელექტროენერგია შემოვა, რაც დედაქალაქში ელექტრომომარაგებას გააუმჯობესებს. დღემდე თბილისს 200-300 მგვტ-ი ელექტროენერგია მიეწოდებოდა, რაც ადგილობრივი ელექტროობიექტებიდან გამომუშავებული ენერგია იყო. საღამოს საათებში კი თბილისი საქართველოს რეგიონების ხარჯზე მარაგდებოდა ენერგიით. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)