აშშ შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში მძიმე შეიარაღების შეტანით

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 30 იანვარს ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა დუგლას დევიდსონმა შეშფოთება გამოთქვა ცხონვალთან ახლოს ახლახანს ერთობლივი სამშვიდობო ძალების ოსური ბატალიონის საწყობში მძიმე შეიარაღებების აღმოჩენის გამო.

“აშშ იზიარებს დღეს აქ სხვა დელეგაციების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ცხინვალში ერთობლივი სამშვიდობო ძალების ოსური ბატალიონის სამხედრო საწყობში მძიმე შეიარაღებების აღმოჩენის გამო, მათ შორის საარტილერიო დანადგარებისაც”, – განაცხადა დევიდსონმა.

მან კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, რომ დაიცვან ვალდებულებები, რომლებიც მათ კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგებასთან დაკავშირებით აიღეს.

“აშშ კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ურღვევობას”, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 თებერვლის განცხადებაში პროტესტი გამოთქვა რუსეთიდან ცხინვალში მძიმე შეიარაღებების შეტანის გამო. სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი არღვევს ეუთო-ს ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებების შესახებ”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ბრალდებებს უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)