თბილისს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 9 თებერვლიდან თბილისს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ამის შესახებ დღეს კომპანია “ეი-ი-ეს თელასი”-ის  გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა სპეციალურად განართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გრაფიკის შემოღებას იგი “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკის გაჩერებას უკავშირებს. მისი თქმით, კომპანიას არ გააჩნია სათანადო სახსრები ბუნებრივი აირის შესაძენად, გაზის რესურსი კი 9 თებერვალს იწურება.

ამასვე ადასტურებს “ეი-ი-ეს მტკვარის” გენერალური მენეჯერი ჯიმ დოუკი. მე-9 ბლოკის გაჩერებით ენერგოსისტემას 180 მგვტ-ი სიმძლავრე დააკლდება. “ეს კი საკმარისია, რომ გრაფიკის შემოღება გახდეს საჭირო,” – აცხადებს დოუკი.

კომპანიის ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მოსახლეობის მხრიდან იანვრის თვეში არ მოხდა მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდა და ამას იმ პოლიტიკურ ძალებს უკავშირებენ, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდნენ არ გადაეხადათ გაზრდილი ტარიფით ელექტროენერგიის საფასური.

იგნასიო ირიბარენს არ დაუსახელებია ეს პარტია, თუმცა იგი “ლეიბორისტულ პარტიას” გულისხმობდა. პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანიის წინააღმდეგ და ითხიოვა გასული წლის 1 ნოემბერს მიღებული ტარიფის 13,7 თეთრის შემცირება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ტარიფი ერთი თეთრით შეამცირა.

“ეი-ი-ეს თელასის” ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ვერ ასახელებს თუ რამდენ საათიანი გარაფიკი დაწესდებე თბილისში. იგნასიო ირიბარენის თქმით, ამის შესახებ მუშობა მიმდინარეობს და კომპანია მოსახლეობას წინასწარ აცნობებს.

ამასთანავე იგნასიო ირიბარენი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად გადაიხადონ მოხმარებული ენერგიის საფასური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)