ევროსაბჭოს დელეგაცია დეპუტატებს შეხვდა
(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს დელეგაცია 13 თებერვალს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს შეხვდა.
დელეგაციის წევრები მატიას იორში (უნგრეთი) და ევგენი კირილოვი (ბულგარეთი) ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან, რომელმაც საქართველოს მიერ 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა შეამოწმოს.
ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ “როგორც ეტყობა, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის შეფასება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებისა ძალიან მკაცრი იქნება”.
თბილისში გამარტულ შეხვედრებზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ძირითადად საპარლამენტო არჩევნების წინ ქყვეყანაში შექმნილი სიტუაცია მიმოიხილეს.
დეპუტატმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ევროსაბჭო აღელვებულია საქართველოში ძალადობის ზრდითა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევით.
თავის მხრივ, ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა ივნისში არჩევნების წინ არსებული მდგომარეობის გასაცნობად, და საბოლოო მოხსენებას საქართველოს შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოამზადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)