ხელისუფლება პანკისში ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას აპირებს
(თბილისი, 22 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აცნობა, რომ მომავალ კვირას უშიშროების საბჭო პანკისის ხეობაში ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
ეს საკითხი 21 თებერვალს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე იქნა განხილული.
ჟაფარიძის თქმით, ანტიკრიმინალური მოქმედებების აქტივიზაცია პანკისის ხეობასი განპირობებულია გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩეჩნეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ჯგუფების მოსალოდნელი გადმოსვლით.
“როგორც კი თოვლი დაიწყებს ლღობას, ჩეჩენი მეომრები კვლავ შეეცდებიან პანკისის ხეობაში შეღწევას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში გაიგზავნება სინაგანი ჯარების დამატებითი ქვედანაყოფები. ანტიკრიმინალური ქმედებების ახალი სტადია, ძირითადად, შსს-ის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალებით ჩატარდება.
როგორც ჯაფარიძე ამტკიცებს, ამჟამად პანკისის ხეობასი მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება. “არანაირი შეიარაღებული ჯგუფები პანკისში ამჟამად არ არიან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება დაიწყო რეგიონის შეიარაღებული ჯგუფებისგან, კრიმინალური ელემენტებისა და დაქირავებული მეომრებისგან გასაწმენდად.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მონაცემებით, 1999-2002 წწ. პერიოდში პანკისის ხეობაში 700-მდე ჩეჩენი მებრძოლი და 100-მდე არაბი დაქირავებული პირი იმყოფებოდა, მათ შორის რამდენიმე ცნობილი საველე მეთაურიც, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ “ალ-ქაიდას” ტერორისტულ ქსელთან.
გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ და შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადეს, რომ ყველა შეიარაღებულმა ჯგუფმა პანკისის ხეობა დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)