მოსკოვის მოლაპარაკებებზე აფხაზეთის საკითხი განიხილებოდა
(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ვალერი ლოშინინმა 17 ივნისს კონსულტაციები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე 7 მარტს სოჭში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხები განიხილებოდა.
რუსეთის საგარეო სამინისტროს ცნობით, ჰეიდი ტალიავინმა დაადასტურა გაეროს ინტერესი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალების ყოფნაში მშვიდობის შენარჩუნებისა და გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან თანამშრომლობის საქმეში მათი მნიშვნელოვანი როლის გამო.
რუსეთისა და გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოიწონეს მოსკოვში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომები აფხაზეთის ენერგოსისტემის რეაბილიტაციის, საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე.
იმავე დღეს ვალერი ლოშჩინინი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძეს. მხარეებმა სოჭის ხელშეკრულება განიხილეს.
თუმცა, რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ იქნა მიღწეული და მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხზე კონსულტაციები უახლოეს მომავალში განაგრძონ. რუსულმა და ქართულმა მხარეებმა ასევე გადაწყვიტეს გააგრძელონ მოლაპარაკებები დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანტადის თაობაზე.
მოგვიანებით ლოშინინი აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს უკანასკნელი ინფორმირებული იქნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე
This post is also available in: English (ინგლისური)