სავალუტო ფონდის მისია საქართველოშო ჩამოდის
(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში ჩამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ევროპის მეორე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პაოლო ნეიჰაუსის ხელმძღვანელობოთ. ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ ფონდის რეკომენდაციების შესრულების შესწავლა.
“თუ ფონდი ვერ დაინახავს, რომ მათი რეკომენდაციები სრულდება, ის შეწყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას”, – განუცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს 10 ივნისს.
წინა ვიზიტის დროს, მარტში, ფონდმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით საბიუჯეტო ხარჯები 113 მილიონი ლარით შეემცირებინა; გაეუმჯობესებინა ენერგეტიკული სისტემის ადმინისტრირება და გაეზარდა ელექტროენერგიის გადასახადი; ეწარმოებინა ფოთის პორტის, საქართველოს რკინიგზის და მადნეულის კომპანიების დამოუკიდებელი აუდიტი; მოეგვარებინა გადასახადის გადახდის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან; მიეღო კანონები ფულის გათეთერების წინააღმდეგ.
რეკომენდაციებიდან მხოლოდ ეს უკანასკნელი პირობა იქნა შესრულებული პარლამენტის მიერ 6 ივნისს ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონპროექტის მიღებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)