აშშ საქართველოს ეუთო-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას 17 ივნისს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დუგლას დევიდსონმა საქართველოს მთავრობას სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

დევიდსონმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ითანამშრომლოს უეთო-სთან, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

“ამერიკის შეერთებული შტატები ამ არჩევნებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგანაც ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოამზადებს საფუძველს”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 2 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2005 წელს უნდა ჩატარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)