სომხეთი რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაშია დაინტერესებული

(თბილისი, 28 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა 27 ივნისს თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ სომხეთი აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაშია დაინტერესებული.

“საქართველო და რუსეთი, ასევე რეგიონი მთლიანად დიდ სარგებელს მიიღებენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით”, – განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ედუარდ შევარდნაძესთან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. 

სომხეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით თბილისში 27 ივნისს ჩამოვიდა. დღეს იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს და საქართველოსი მცხოვრები სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით ქოჩარიანი პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)