ნარჩემაშვილი კოკოითის ქმედებებს დადებითად აფასებს

(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინავლის რეგიონში მიმდინარე მოვლენები მართებულად ვითარდება, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მხრიდან ძალოვანი მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებასა და დაპატიმრებაში გამოიხატა.

“ეს შიდა დაპირისპირებაა. არ შეიძლებოდა ასეთ პირობებში მუშაობა, როცა გვერდით გყავს ისეთი პიროვნებები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და განუწყვეტლივ გრძელდება კრიმინალების თავისუფალი თარეში, ნარკობიზნესის განვითარება და გატაცებული ადამიანების გადამალვა. ცხინვალის რეგიონში უკონტროლო ვითარებაა და ასეთი ქმედება გარდუვალი იყო”, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2” ეთერში კობა ნარჩემაშვილმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი სახეების დანიშვნა რეგიონში ვითარებას შეცვლის და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. ამაჟამად გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ ქართველი სამართალდამცავებიც.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, თავდაცვის და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელები 1 ივლისს დააპატიმრეს, უშიშრობის მინისტრი კი გაქცეულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)