გაეროში საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსული ბაზები იარაღის უკანონო ვაჭრობის წყაროს წარმოადგენენ

(თბილისი, 12 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში რევაზ ადამიამ 8 ივლისს იარაღის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული გაეროს პროგრამების განხორციელებისადმი მიძღვნილ გაეროს წევრ სახელმწიფოთა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები იარაღის უკანონო ვაჭრობის წყაროს წარმოადგენენ.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმში, ახალქალაქში და გუდაუთაშია (აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორია) განლაგებული.

“ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ბაზებთან მიმართებაში დაკავშირებულია მსუბუქი იარაღის უკანონო გავრცელებასთან. ქართველი სამართალდამცავებისა და სპეცაგენტების ცნობით, საქართველოშო განლაგებული რუსეთის ბაზები იარაღის წყარო გახდა სხვადასხვა კრიმინალური თუ ტერორისტული დაჯფუფებებისათვის”, – განაცხადა რევაზ ადამიამ.

“სამწუხაროდ, ეს ბაზები არ კონტროლდება ცენტრალური სარდლობის მიერ, და, როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი იარაღით უკანონო ვაჭრობის საკმაოდ შემოსავლიანი “შავი ბაზრის” მიდამოებშია განლაგებული. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს სამი ბაზა დიდ საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, ვინაიდან მათი საშუალებით ხდება იარაღის გავრცელება  დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალებს შორის”, – განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)