საქართველო აფრთხილებს უცხოელ მოქალაქეებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისაგან

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთში საქართველოს საელჩომ 17 ივლისს განცხადება გააკეთა, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან იქ შექმნილი მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის გამო.

“სერიოზული დანაშაულებები უცხოელი მოქალაქეების მიმართ უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა აფხაზეთში. კრიმინალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, აფხაზეთში საიმედო თავშესაფარს პოულობენ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოებას აფხაზეთში.

აფხაზური მხარე ასევე ადასტურებს დანაშაულთა რიცხვის ზრდას რეგიონში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე 16 ივლისს დე-ფაქტო პრემიერ მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ კრიმინალური სიტუაციის გამოსწორების მიზნით ძალოვან სტრუქტურებს უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელება მოთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)