ოპოზიცია შიმშილობის აქციას აფართოებს

(თბილისი, 19 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის 5-მა წევრმა პენსიონერებზე საპენსიო დავალიანების გაცემის მოთხოვნით 18 ივლისს შიმშილობის აქცია ქუთაისში დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობის 7 წევრი შიმშილობას თბილისში მდებარე იუსტიციის სამინისტროს შენობაში აგრძელებს. ისინი მთავრობის მიერ გაყინული პენსიების დარიგებას და იუსტიციის სამინისტროსგან სასამართლოს მიერ მიღებული დაგაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ, რაც შესაძლებელს გახდის პენსიების დარიგებას სამტრედიის რაიონში.

შიმშილობის აქციის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 18 ივლისს განაცხადა, რომ ამგვარი საპროტესტო აქციის რეალური საფუძველი არ არსებობს, რადგანაც მთავრობამ უკვე დაიწყო მიმდინარე თვის პენსიების დარიგება. “მათ (მოშიმშილეებს) მხოლოდ გახდომა სურთ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

იუსტიციის მინისტრის როლანდ გილიგაშვილის თქმით, მოშიმშილეებს ნაკლებად აწუხებთ სამტრედიელი პენსიონერების ბედი. მათი მიზანია 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)