ხელისუფლება გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მათ იციან გაეროს დამკვირვებელთა ადგილსამყოფელის შესახებ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ გამტაცებლებთან გაეროს პერსონალის უსაფრთხო გათავისუფლების თაობაზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლებმა 3 მილიონი დოლარი მოითხოვეს მძევალთა გასათავისუფლებლად.

9 ივნისს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების რაზმებმა გამტაცებელთა სავარაუდო ადგილსამყოფელს ალყა შემოარტყეს.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია და საქართველოს მთავრობა არ აპირებენ გამოსასყიდის გადახდას.   

პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს გამტაცებლებთან.

9 ივნისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ დაადასტურა, რომ გამტაცებლები დროდადრო უკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა დეტალების კომენტირებისგან გახოკიძემ თავი შეიკავა. გაეროს მისიის თბილისის ოფისი ასევე უარს ამბობს კომენტარზე.

5 ივნისიდან ძალოვან სტრუქტურებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. როგორც ცნობილია, ამ დღეს გაიტაცეს გაეროს ორი გერმანელი და ერთი დანიელი დამკვირვებელი, ასევე მათი ქართველი თარჯიმანი, როცა ისინი კოდორის ხეობაში პატრულირებას აწარმოებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)