გაეროს თანამშრომლების გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ
(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციით, გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმნის გამტაცებლები მძევალთა გასათავისუფლებლად გამოსასყიდს მოითხოვენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლები 3 მილიონ დოლარს მოითხოვენ, თუმცა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელობა კომენტარისგან თავს იკავებს.
ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა გატაცებულმა დარეკა გაეროს მისიის სოხუმის ოფისში გუშინწინ ღამით და გამტაცებელთა მოთხოვნა გადასცა.
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელობამ თავიდანვე განაცხადა, რომ არანაირ გამოსასყიდს არ გადაიხდიდა. გამოსასყიდის გადახდის წინააღმდეგია ასევე საქართველოს ხელისუფლებაც.
გაეროს მისიამ დაადგინა მძევალთა ვინაობა. ისინი არიან კლაუს ოტი და ერბერტ ბაუერი გერმანიიდან, ჰერნიკ სოერენსენი დანიიდან და მათი ქართველი თარჯიმანი ლაშა ჩიკაშუა. როგორც ცნობილია, გაეროს თანამშრომლები 5 ივნისს პატრულებისას გაიტაცეს კოდორის ხეობიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)