საქართველო ირანის წინააღმდეგ არ იომებს

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე უარყოფს ინფორმაციას ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხევაში ამ მოქმედებებში საქართველოს შესაძლო ჩართვის თაობაზე. ასეთ ცნობებს სიხარულიძემ დეზინფორმაცია უწოდა.
 
“ოფიციალურმა თბილისმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი მოლაპარაკება ირანში ომის დაწყებასთან დაკავშირებით ამერიკას საქართველოსთან არ ჰქონია. აქვე ვაცხადებ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ირანმა ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოზე მიიტანოს იერიში. ჩვენ ირანთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

მან ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აშშ-ს და ირანის ელჩების პოზიციები დააფიქსირა და განაცხადა, რომ ელჩები ასეთ ცნობებს ხუმრობად და ბოდვად მიიჩნევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)