ნატოს სამხედრო ექსპერტებმა საქართველოში მუშაობა დაასრულეს
(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნატოს სამხედრო ექსპერტთა დელეგაციამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ორი დღის განმავლობაში მათ შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს თავდაცვის, უშიშროების სამინისტროების წარმომადგენლებთან.
“შეხვედრების დროს დეტალურად განვიხილეთ საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს, რომელიც 29 პუნქტიანი დოკუმენტის სახით წარმოგვიდგინეს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.
იგი ექსპერტებთან მუშაობას სასარგებლოს უწოდებს და დადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს ასევე იმ პრობლემებზე, რაც დღეისათვის სამხედრო სფეროში არსებობს.
“ეს ძირითადად ფინანსებს ეხება, ამ მიზეზით კიდევ ბევრი პროგრამის შესრულება ვერ შევძელით გასული 2 წლის მანძილზე. ამის შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ ნატოს ექსპერტებსაც, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამის შესახებ მოხსენების გაკეთებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომაზე აპირებენ”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
იგი იმედოვნებს, რომ ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს ამ საკითხს და წინასწარ განსაზღვრავს თანხებს სხვადასხვა სამხედრო პროექტებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოს ექსპერტთა შემდგომი ვიზიტის დროს უშუალოდ ფინანასთა სამინისტროს წარმოამდგენელბთან შეხვედრა მოხდება.
ნატოს ექსპერტები საქართველოს სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენების შეფასებას და დასკვნას მაისის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაზე წარადგენენ. ბეჟუაშვილი დარწმუნებულია, რომ დასკვნა დადებითი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)