ჩეჩნების ადვოკატებმა პროცესზე ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს
(თბილისი, 15 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო-რუსეთის საზღვართან ქართველი მესაზვრეების მიერ დაკავებული სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესზე უზენაეს სასამართლოში დღეს ჩეჩენთა ადვოკადებმა ახალი შუამდგომლობა დააყენეს და განაცხადეს, რომ ელხაჯიევის გვარით წარმოდგენილი პიროვნება სინამდვილეში სხვა გვარისაა.
პიროვნების ვინაობის დამადასტურებელ საბუთად ჩეჩნების ადვოკატებმა წარმოადგინეს პასპორტი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე მეზობლების მიერ ამ პიროვნების დახასიათება.
დოკუმენტაცია ადვოკატებს თავად ამ დაკავებული ჩეჩენის მშობლებმა 14 აპრილს წარმუდგინეს, რომლებიც ადვოკატ მალხაზ პატარაიას განცხადებით, გუშინ ჩამოვიდნენ თბილისში.
მოსამართლემ ნინო გვენეტაძემ მათი წარდგინება ითხოვა, მაგრამ მშობლები სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ელხაჯიევის ნამდვილი სახელი და გვარი ბეკხან სეიტ-მულკოევია. ამ დოკუმენტების წარდგენა ადვოკატებმა პროკურატურის წარმომადგენლების დაუსწრებლად მოითხოვეს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ამ საქმეში ჩართვა არამართებული იქნება, ვინაიდან ისინი კვლავ გააგზავნიან რუსეთში ამ დოკუმენტებს და კვლავ წარმოადგენენ ყალბ არგუმენტაციას, როგორც აქამდე ხდებოდა”, – განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
ამ მოთხოვნის მიუხედავად პროკურორებს მაინც წარუდგინეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქსეროასლი. მათ ეჭვი შეიტანეს ამ დოკუმენტაციის რეალობაში.
“წარმოდგენილი პასპორტი ყალბია, იგი ხელით არის შევსებული, მაშინ როცა ამის გაკეთება კომპიუტერის საშუალებით არის შესაძლებელი”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პროკურორმა პაატა მსხილაძემ.
დღესვე სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა წარმოადგინეს ევროსასამართლოსა და მინსკის კონვენციები, რომლის მიხედვით ადასტურებდნენ, რომ ამ პიროვნებების რუსეთის მხარისთვის გადაცემა დაუშვებელია.
“ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლის მიხედვით უნდა მომხდარიყო სამი ჩეჩენის ექსტრადაცია არ შეესაბამება დაკავებულ პიროვნებების წარმომავლობას, რუსების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნახსენებია ბაიმურზაევი, მირჟოევი და ხაშიევი, აქ წარმოდგენილი პირების ვინაობა კი სულ სხვაა”, – განაცხადა ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა.
ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვენ ამ პირების საქართველოში დატოვებას და აქ გასამართლებას საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის და იარაღის უკანონოდ ტარების გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)