აშშ-მა ერაყში მიმავალ ქართველ სამხედროებს აღჭურვილობა გადასცა

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი ამერიკული წარმოშობის საველე დანიშნულების აღჭურვილობას გადასცემს დღეს პირველ ქართულ სამხედრო დანაყოფს, რომელიც ერაყში გაემგზავრება.

“ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს სურვილი ხელი შეუწყოს ქართული ჯარის აღჭურვასა და მოდერნიზებას, დაეხმაროს საქართველოს განავითაროს შეიარაღებული ძალები ნატოს და აშშ-ს სამხედრო სტანდარტების შესაბამისად”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ქართველმა ქვეითებმა უკვე მიიღეს უახლოესი საკომუნიკაციო ტექნიკა, რომელსაც გამოიყენებენ ერაყში ექვსთვიანი მისიის დროს. ამ სამხედრო შენაერთის შემადგენლობაშია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პერსონალი, რომელიც კოსოვოში მსახურობდა თურქულ კონტიგენტთან ერთად, ასევე სამხედროები, რომლებმაც სამხედრო სწავლება აშშ-ში გაიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)