გაეროში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას მიმართვა უშიშროების საბჭოსადმი
30 ივლისი, 2003 წელი ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოსდაბოლოს საშუალება მომეცა, მონაწილეობა მიმეღო აფხაზეთში არსებული სიტუაციის თაობაზე გამართულ დებატებში. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც გაეროს ეგიდით წარმართული სამშვიდობო პროცესისათვის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ გენერალური მდივნის მოხსენება წარმოადგენს მყარ საფუძველს ამ დებატებისათვის და გამოვხატო მადლიერება აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ვინაიდან იგი სერიოზულ პოზიტიურ ელემენტებს შეიცავს. პროექტში აისახა გენერალური მდივნის, მეგობარი ქვეყნებისა და ზოგადად გაეროს წარმომადგენელთა აქტიური საქმიანობის შედეგები, რითაც იგი მკვეთრად განსხვავდება ექვსი თვის წინათ მიღებული რეზოლუციისაგან. აქვე მინდა, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქალბატონ ჰაიდი ტალიავინის დაუღალავი მოღვაწეობა, რომელმაც გაეროს დამკვირვებლებთან ერთად უზარმაზარი შრომა გასწია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ მივესალმებით ამ პოზიტიურ ტენდენციებს, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია, შეგახსენოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საბოლოოდ მოხერხდეს სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოყვანა. ნება მიბოძეთ, პირველ რიგში, ვისაუბრო დადებით მოვლენებზე: 1) ამა წლის 19-20 თებერვალს ჟენევაში მეგობართა ჯგუფის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაზე, გენერალური მდივნის მოადგილეს ბ-ნი გიენოს თავმჯდომარეობით ჩამოყალიბდა პოლიტიკური სტატუსის, ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკების სრულფასოვანი მექანიზმი სამი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძველზე. 2) მარტში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სოჭის შეხვედრამ დადებითი გავლენა იქონია მხარეებს შორის დიალოგის განახლებაზე და ჟენევის გადაწყვეტილებათა შესაბამისად შეიქმნა ეკონომიკური რეაბილიტაციისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხთა სამუშაო ჯგუფები. 3) 21-22 ივლისის მეგობართა ჯგუფის ჟენევის მეორე შეხვედრის შედეგად, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს გაეროს ეგიდით წარმართული სამშვიდობო პროცესის შემდგომ ნაბიჯად, შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკური სტატუსის, ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების, უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების შესახებ. 4) შერბილდა თავად აფხაზური მხარის პოზიცია, თუ ვიმსჯელებთ მათი მზადყოფნით, მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებში (ნება მომეცით, ამ გადაწყევტილების ჭეშმარიტ მოტივაციაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენოთ). 5) მეტად მნიშვნელოვანი იყო გალში უსაფრთხოების შეფასების მისიის რეკომენდაციები, ვინაიდან სწორედ მათ უნდა დაეყრდნოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება რაიონში კრიმინალურ სიტუაციას, ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პროცესის მართვასა და თვითმმართველობის საკითხებს. სამწუხაროდ, აღნიშნულ დადებით ცვლილებებთან ერთად იკვეთება უარყოფითი ტენდენციები, რომელთაც ძალუძთ არა მარტო გააბათილონ მიღწეული, არამედ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ მთელ სამშვიდობო პროცესს. მიუხედავად უშიშროების საბჭოს მიერ `ბოდენის დოკუმენტის~ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, აფხაზური მხარე განაგრძობს ამ დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობის სრულ უარყოფას. თვით მოულოდნელი მზადყოფნაც კი, მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებში, მეტი არაფერია, თუ არა აფხაზური მხარის მცდელობა, თავი აარიდოს პოლიტიკური სტატუსის საკითხის განხილვას. კონფლიქტის ზონაში კვლავ გრძელდება ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობები, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის/გენოციდის აქტებს. მხოლოდ ერთი მაგალითი: 25 ივნისის ინციდენტში, აფხაზეთის არაკანონიერმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა ქართულ მოსახლეობას, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. Uუფრო მეტიც, ადგილობრივ სკოლებში ქართველ ბავშვებს კვლავ ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. აღსანიშნავია, რომ აფხაზ სეპარატისტთა რეჟიმი უკვე ჩამოყალიბდა როგორც დამნაშავეთა და ტერორისტთა უსაფრთხო თავშესაფარი. სულ მცირე ორი მათგანი, გიცბა და თოქჯანი – ტერორისტები, რომელნიც მონაწილეობდნენ ხომალდ ,,ავრასიას” გატაცებაში, კვლავაც რჩებიან აფხაზეთში და მიუწვდომელნი არიან მართლმსაჯულებისათვის. სამწუხაროდ, ამით არ ამოიწურება უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში განვითარებული ნეგატიური ტენდენციები. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ცალმხრივი ქმედებები, თავისი არსით, უშუალოდ მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების 2003 წლის 6-7 მარტის სოჭის შეხვედრის პოზიტიური შედეგებისა, კვლავაც დაუბრკოლებლად ფუნქციონირებს სოჭსა და სოხუმს შორის ცალმხრივად გახსნილი რკინიგზა. Aამავე დროს, რუსეთის მოქალაქეობის `გამალებული გაყიდვა~ აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის ერთი დღითაც არ შეჩერებულა. სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობისათვის გაცემული რუსული პასპორტები უკვე ხელში ჩაუვარდათ ტერორისტებს, სახელდობრ, ჩეჩენ ტერორისტებს. ისინი წარმატებით იყენებენ რუსეთში თავისუფალი შესვლისა და გამოსვლის უფლებას საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის გავლით, სადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ცალმხრივად იქნა დაწესებული რუსეთის მიერ. რუსეთი განაგრძობს აფხაზეთში ქონების მიტაცებას. Mმე განზრახ გამოვიყენე ტერმინი მიტაცება, რათა აღმეწერა ქონების უკანონო შეძენის პროცესი, იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკუთრების ჩათვლით, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ. აუცილებლობას არ წარმოადგენს იმის აღნიშვნა, რომ დასახელებული ქმედებები არღვევენ საერთაშორისო სამართალს და ხელყოფენ საქართველოს სუვერენიტეტს. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებს, რომელთა მიხედვით ნებისმიერი გარიგება დადებული აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან ბათილად არის ცნობილი. გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზის უკანონო ფუნქციონირება წარმოადგენს კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც ამწვავებს სიტუაციას აფხაზეთში და ძაბავს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. არავინ რჩება მოგებული საკუთარი უკანონო ქმედებებისაგან – გვასწავლის საერთაშორისო სამართალი. როგორც ჩანს, ამ იმპერატივს აქვს შეზღუდული ფარგლები, თუ საქმე უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს ეხება. ჩვენ იძულებულნი ვართ, კვლავ განვაცხადოთ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთში პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის განხორციელება, ქონების უკანონო მიტაცებასთან ერთად წარმოადგენს ანექსიას. საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა შეუძლებელია სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობად იქნეს მიჩნეული. ბატონო პრეზიდენტო, ზემოაღწერილ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების არარსებობა და ძალადობა კონფლიქტის ზონაში. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად მინდოდა აღმენიშნა კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების მძევლად აყვანის ფაქტი. ჩემი მთავრობა გმობს ამ აქტს და აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავენი წარდგენილნი იქნებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის სტრუქტურას ფუნდამენტური ნაკლოვანებები აქვს. ინციდენტმა დაადასტურა უსაფრთხოების ახალი ღონისძიებების სასწრაფო აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონფლიქტის ზონაში გაეროს პერსონალის უსაფრთხოება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ყველაზე ეფექტური გზა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად არის აფხაზეთში თვითდამცავი ძალების გაგზავნის თაობაზე გენერალური მდივნის წინადადების განხორციელება. დამატებით აღვნიშნავ, რომ მოვლენების მიმდინარე განვითარება უეჭველად სვამს საკითხს გაეროს სრულმასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაციის დაწყების შესახებ. ნება მიბოძეთ, ყურადღება გავამახვილო უშიშროების საბჭოში აფხაზეთის კონფლიქტის თითქმის ყოველი განხილვის ურთულეს საკითხზე – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებაზე. უშიშროების საბჭო თითქმის ყოველთვის ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა მან გააგრძელოს რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი. ძალებისა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში თავად გაეროს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე მოქმედებენ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სამშვიდობო ოპერაციების პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვხატეთ კეთილი ნება და გავაუქმეთ ექვსთვიანი ლიმიტი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატისათვის, რათა შეგვენარჩუნებინა ზოგადი სტაბილურობა და გაეროს ხელმძღვანელობით განხორციელებული სამშვიდობო პროცესი. არ შეიძლება უსასრულო იყოს მთელს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გაფანტული 300 000 ლტოლვილისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მოთმინება. თუ რეალური პროგრესი არ იქნება მიღწეული კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ისინი ვეღარ შეძლებენ შეურიგდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მხოლოდ საზღვრის დამცველთა ფუნქციებს ასრულებენ და ეფექტურად აცალკევებენ აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსაგან. მათ აღარ ძალუძთ შეურიგდნენ აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც კვლავინდებურად ყველა ხერხით ცდილობენ, ხელი შეუშალონ ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესის დაწყებას. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ეს ხალხი გადაწყვეტს, თავად გაიკვლიოს გზა საკუთარ სახლ-კარში დასაბრუნებლად. მოვლენების არსებული განვითარების ფონზე ასეთი ნაბიჯის შედეგების განჭვრეტა შეუძლებელი ხდება. სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოვიდეს კონტროლიდან და გაუთვალისწინებელი შედეგები იქონიოს არსებულ მდგომარეობაზე მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გამოსავლის პოვნა არსებული სიტუაციიდან შესწევს მხოლოდ ერთსულოვან უშიშროების საბჭოს, რომელსაც ხელეწიფება განახორციელოს ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებები. საფუძველი ასეთი ქმედებისათვის უკვე ჩაიყარა მეგობარ სახელმწიფოთა ჯგუფის ჟენევის უკანასკნელ შეხვედრაზე და უშიშროების საბჭომ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეხვედრის დასკვნით განცხადებაში ასახული გადაწყვეტილებების განხორციელება, სახელდობრ, ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნება, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დაწყება. უმოქმედობის უფლება ჩვენ აღარ გვაქვს, რამეთუ კონფლიქტის მოგვარების საქმეში პროგრესის მიუღწევლობა გაეროს წესდების VII თავით გათვალისწინებული ღონისძიებების ამოქმედებას იმპერატივად აქცევს. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვჯერა, რომ მოცემულ ვითარებაში მხოლოდ უშიშროების საბჭოს ძლიერი და მკაფიო პოზიცია იქნება გათვალისწინებული აფხაზი სეპარატისტების მიერ და მოახდენს მათზე ზეგავლენას. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რათა არა მხოლოდ შევცვალოთ ის, რაც აუცილებლად შესაცვლელია კონფლიქტის მოგვარების პროცესში, არამედ დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია აფხაზეთში მშვიდობის დასამყარებლად.