პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობისგან დეტალურ ინფორმაციას მოითოვს ენერგოობიექტებთან დაკავშირებით

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოდან კომპანიის წასვლის მიზეზების გარკვევას და დეტალური ინფორმაციის პარლამენტისთვის წარდგენას.

ბურჯანაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაირკვეს ზუსტი მიზეზი კომპანიის წასვლის და მისი დარჩენის შესაძლებლობის.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსული კომპანიების გამოჩენას არ მოჰყვება ამ სიტუაციის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება, ეჭვით უყურებს. მისი თქმით, ისეთი კომპანია, როგორიც “რაო-ეეს”-ია, რომელზეც რუს პოლიტიკოსებს გარკვეული ზეგავლენა აქვს, მაინც შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკოსების მიერ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.

“მარტო რუსეთის წინააღმდეგ არ გამოვდივარ, საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომელიმე ერთი ქვეყნის ხელში ისეთი სტრატეგიული სფეროს გადასვლისა, როგორიც ენერგეტიკაა”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის სიტყვები გამართლდება და ამერიკული კომპანიის ნაცვლად ენერგეტიკის სფეროში რუსული კომპანიების გამოჩენას მართლა არ მოჰყვება საგაერო პოლიტიკის კურსის შეცვლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)