სპეციალისტები პანკისში რადიაციული წყაროების არსებობას შეამოწმებენ

(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რადიაციული უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობაში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის, რომელიც ადგილზე რადიაციული ნივთიერების წყაროების აღმოჩენაზე იმუშავებს.

20-25 კაციანი ჯგუფი პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაემგზავრება. რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ლერი მესხის ინფორმაციით, ჯგუფის გამგზავრება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ თანხების გადმორიცხვის შემდეგ მოხდება.

“სამუშაოები სამ ეტაპად არის დაყოფილი. პირველად მოხდება პანკისის ხეობის შესწავლა. აქ ადგილზე მოხდება ტერიტორიების დათვალიერება და რადიაციული ნივთიერების წყაროების მოძიება. ასეთი ღონისძიებები დაგეგმილია აფხაზეთის და რაჭის ტერიტორიაზე, რაც უკვე მეორე და მესამე ეტაპებია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ლერი მესხმა.

იგი არ გამოირცხავს, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმაც.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)