სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას ცდილობს
(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-მა) ელექტროენერგიაზე ახალი, დიფერენცირებული ტარიფის პროექტი შეიმუშავა, რომელიც განსახილველად უკვე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს.
სემეკ-ის მიერ შემუშავებული სატარიფო მექანიზმი 4 საფეხურისგან შედგება. პირველი მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის იმოქმედებს 12,18 თეთრიანი ტარიფი, 101-200 კვტ/სთ-ის მომხმარებლებისთვის – 13,7 თეთრი, 201-400კვტ/სთ – 15,1 თეთრი, 400 კვტ/სთ ზევით კი 16,8 თეთრი.
“ამით არ დარღვეული საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის დეკემბრის დადგენილება ტარიფის ზრდის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან გათვალისწინებულია სოციალური ფენების ინტერესები. ასევე მოხდა სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის მიხედვით ტარიფი ეკონომიკური გათვლების მიხედვით უნდა დადგენილიყო”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ნოსელიძემ.
მისი ინფორმაციით, დაანგარიშების მიხედვით, 100 კვტ/სთ ენერგიას 200 ათასზე მეტი აბონენტი მოიხმარს. ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ რა ტარიფი დაწესდება რეგიონებში, თუმცა კომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქაც დიფერენცირებული ტარიფი იმოქმედებს.
იუსტიციის სამინისტრომ არსებული პროექტის განხილვა ორ კვირაში უნდა მოახდინოს და შემდეგ შენიშვნებით სემეკ-ს მიაწოდოს.
ამჟამად თბილისში 1 კვტ/სთ ელექტრიენერგიის საფასური 12,18 თეთრია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებამ განაპირობა, მანამდე ტარიფი 13,7 იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)