ოპოზიციური პარტიები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ
(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიის 200-მდე წარმომადგენელმა დღეს თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის ცენტრალური ოფიცის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ეწინააღმდეგებიან ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმადგენლებმა ასევე გამართეს საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნით, სამინისტრომ არ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის თაობაზე.
ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-მა) ელექტროენერგიაზე ახალი, დიფერენცირებული ტარიფის პროექტი შეიმუშავა, რომელიც განსახილველად უკვე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს.
სემეკ-ის მიერ შემუშავებული სატარიფო მექანიზმი 4 საფეხურისგან შედგება. პირველი მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის იმოქმედებს 12,18 თეთრიანი ტარიფი, 101-200 კვტ/სთ-ის მომხმარებლებისთვის – 13,7 თეთრი, 201-400კვტ/სთ – 15,1 თეთრი, 400 კვტ/სთ ზევით კი 16,8 თეთრი.
იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე კვირას უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)