პარლამენტი საარჩევნო კოდექსს განიხილავს
(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებენ.
პარლამენტი ასევე განიხილავს იმ წინადადებას, რომელიც კრძალავს ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წევრების არჩევას ახალ ცსკო-ში. პარლამენტმა 5 აგვისტოს ვერ შეძლო მიეღო ეს წინადადება, რადგან პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ოპოზიციური ფრაქციების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დეპუტატები შეთანხმდნენ საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ დაეყენებინათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოება” ასევე მოითხოვს პარლამენტისგან ამ წინადადების მიღებას.
“არსებული ცსკო აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და თუნდაც ერთი წევრი რომ დარჩეს ძველი კომისიიდან, სამართლიანი არჩევნების ჩატარების არანაირი შანსი არ გვექნება”, – განუცხადა “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა “სივილ ჯორჯიას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)