რუსეთმა სოჭი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენისთვის აუცილებელი სახსრების მოცულობა დაიანგარიშა
(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის ასადგენად 5 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 167 მილიონი დოლარი) საჭირო. როგორც 12 აგვისტოს “სივილ ჯორჯიას” რუსეთის რკინიგზის სამინისტროში აცნობეს, ამის თაობაზე რუსეთის რკინიგზის მინისტრმა გენადი ფადეევმა განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით.
ამჟამად რუსეთის რკინიგზის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოჭი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეტის ფიზიკური მდგომარეობის შესწავლითაა დაკავებული.
მინისტრის თქმით, რუსულმა მხარემ რკინიგზის აღდგენის პროექტი მოამზადა. როგორც გენადი ფადეევმა აღნისნა, რუსული მხარე მოითხოვს სამმხრივი შეხვედრის გამართვას ქართულ, რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის. მან ასევე არ გამორიცხა ამ პროცესში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მონაწილეობაც.
მინისტრის აზრით, აღდგენითი სამუშაოების დაწყების შემდეგ შესაძლებელი იქნება ერთი წლის განმავლობაში სამუშაო მოძრაობის აღდგენა ამ მონაკვეთზე, ხოლო 2 წლის შემდეგ სამგზავრო მოძრაობის აღდგენა. ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება იმ სპეციალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე იქნებიან დაკავებული.
გენადი ფადეევი თვლის, რომ დღეისთვის ამ საკითხის გადაქყვეტა ჭიანურდება, მაგრამ არა რუსული მხარის გამო. “რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა მხარემ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს”, – განაცხადა ფადეევმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების შეფასებაზეა მიმართული. ქართული საგარეო უწყების განცხადებით, რუსული მხარის ასეთი ქმედებები პრეზიდენტების პუტინისა და შევარდნაძის სოჭის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ერთობლივი შესწავლის თაობაზე აფხაზური მხარის მონაწილეობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)