შევარდნაძის თქმით, საქართველოს დეფოლტი არ ემუქრება

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს არანაირი დეფოლტი არ ემუქრება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პიროვნება ამით ხალხს აშინებს.

“მე ამ საკითხში საკმაოდ ჩახედული ვარ და ეს საშიშროება ქვეყანას არც იმ შემთხვევაში არ ემუქრება, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს ბიუჯეტის კორექტირების პროექტს”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი 26 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე მაინც შეძლებს ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიღებას. პრეზიდენტი ამ პროექტის საგნობრივად განხილვას და სახელობითი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს, რათა მოსახლეობამ გაიგოს თუ რომელ დეპუტატს რა პოზიცია უკავია.

“თუ პარლამენტი ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს პირველ რიგში ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება, ვიანაიდან შეფერხდება კრედიტების გადმორიცხვა და სოციალური საკითხების დაფინანსება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

იგი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა წინასაარჩევნოდ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)