ენერგეტიკის მინისტრი კრიზისის მიზეზებზე საუბრობს
(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისის მიზეზად ენერგოქსელებზე გახშირებულ დივერსიულ აქტებს და ენერგოობიექტებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
“ამას ემატება “თელასის” დავალიანება საბითუმო ბაზრის მიმართ, რის გამოც დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა ეს საკითხი კვირის ბოლოს მოგვარდება და ენერგომომარაგება გამოსწორდება. “თელასის” ვალები ძველი მფლობელის, ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის დროს არის დაგროვილი და ახალმა მეპატრონემ, რუსულმა კომპანია “რაო-ეეს”-მა ამის გამო პასუხი არ უნდა აგოს. ასევე დასრულდება რემონტი ენგურჰესზე და მოხდება იმპორტი რუსეთიდან და სომხეთიდან”, – განაცხადა მამუკა ნიკოლაიშვილმა.
“თელასის” დავალიანების გამო უკვე მეორე კვირაა თბილისს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. გაცილებით რთული ვითარებაა საქართველოს რეგიონებში, სადაც ელექტროენერგია მოსახლეობას თვეების განმავლობაში არ მიეწოდება.
“რაო ეეს”-მა საქართველოში მუშაობა ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)