სასამართლო მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს
ცსკო-ს დადგენილება გაუქმებულია 3 სექტემბერს, თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა ცენტრალური სარჩევნო კომისიის (ცსკო) დადგენილება “საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობის, მათი გამოყენების წესისა და კონტროლის შესახებ”. 25 აგვისტოს, ცსკო-ს ძველმა შემადგენლობამ მიიღო დადგენილება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა აზრის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. ცსკო-ს დადგენილება უკრძალავდა კერძო და სახელმწიფო ტელეკომპანიებს, 2 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღით ადრე, გარდა განსაზღვრული დროისა, გაეშვა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსთა საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟები, რომლებიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული. დადგენილების თანახმად “ინფორმაცია კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ შეიძლება გაშუქდეს, იმ შემთხვევაში თუკი ასეთი ინფორმაცია არ არის არჩევნებთან დაკავშირებული”. იქვე აღნიშნული იყო, რომ ტელე-რადიო კომპანიებს ეკრძალებათ პოლიტიკოსთა მონაწილეობით გასართობი გადაცემების გაშვებაც. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში ცსკო უფლებამოსილი იყო პირველად გაეფრთხილებინა კომპანია და შემდგომ გაეუქმებინა ტელეკომპანიის აკრედიტაცია. ცსკო-ს დადგენილება პირდაპირ ზღუდავდა ამომრჩევლის უფლებას მიეღო ზუსტი და საკმარისი ინფორმაცია კანდიდატის ან პარტიის შესახებ. შეზღუდვა ვრცელდებოდა კანდიდატის უფლებაზე დაკავშირებოდა ამომრჩეველს და მედიის უფლებაზე მოეპოვებინა და გაევრცელებინა ინფორმაცია. იურიდიული ექსპერტების განცხადებით, ცსკო-ს 25 აგვისტოს დადგენილება ასევე არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს, რომელიც ადამიანს სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას ანიჭებს, ამ მუხლებით “ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს აზრი ზეპირად, წერილობით და/ან სხვა ნებისმიერ ფორმით”. სამოქალაქო აქტივისტებმა ცსკო-ს აღნიშნული დადგენილება ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული “თავდასხმების” გაგრძელებად მიიჩნიეს. 28 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რამოდენიმე ტელე კომპანიის სახელით, დაზღვეული ფოსტით სარჩელი გააგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ცსკო-ს დადგენილების მე-2 მუხლი ითვალისწინებდა თბილისის საოლქო სასამართლოში დადგენილების გასაჩივრებას მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, ცსკო-მ 25 აგვისტოს მიღებული დადგენილება 27 აგვისტომდე არ გამოაქვეყნა, რითაც საშუალებას ართმევდა მოსარჩელე მხარეს სასამართლოს წინაშე დაეცვა საკუთარი უფლება. “ცსკო-ს დადგენილება კანონის დარღვევით იქნა მიღებული, რადგან აღნიშნული დადგენილება 25 აგვისტოს იქნა მიღებული, მაშინ როდესაც ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, (რომელიც ცსკო-ს დადგენილების მიღების უფლებას აძლევს) მხოლოდ 26 აგვისტოს შევიდა ძალაში”-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, მალზახ ღუღუნიშვილმა 3 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე. “გარდა ამისა, ცსკო-ს დადგენილება არღვევეს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის პრინციპებს” – განაცხადა ღუღუნიშვილმა. მიუხედავად ცსკო-ს წარმომადგენლის მცდელობისა რამოდენიმეჯერ შეეჩერებინა სხდომა, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება გაეუქმებინა ცსკო-ს 25 აგვისტოს დადგენილება. ცსკო-ს ასევე დაეკისრა 300 ლარის ოდენობის სასამართლო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. “ეს ის გადაწყვეტილებაა, რასაც ჩვენ ველოდით,” – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. “სხვაგვარად ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების სერიოზული შანსი ეძლეოდა. ამ ეტაპზე, ჩვენ კანონიერად მაინც გვაქვს იმის გარანტია, რომ ყველა თანაბარი შესაძლებლობით ისარგებლებს” – დასძინა მან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით ცსკო-ს ახალი შემადგენლობა, რომელიც 4 სექტემბერს შეიკრიბება, არ გაასაჩივრებს საოლქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ჯული გიორგაძე
This post is also available in: English (ინგლისური)