“სამართლიანი არჩევნები” შიშობს, რომ რეფერენდუმი არჩევნების პროცესს გაართულებს

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას დეპუტატთა რაოდენობის შემცირების თაობაზე რეფერენდუმის 2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, დანიშვნასთან დაკავშირებით.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ 11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2  თვე არ არის საკმარისი მოქალაქეთა ინფორმირებისა და სარეფერენდუმო კითხვაზე ფართო საჯარო დისკუსიის წარმართვისთვის.

“გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაში. 2 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურის – რეფერენდუმის – დამატება გაართულებს საარჩევნო პროცესსა და საარჩევნო კომისიების სამუშაოს, რაც რეფერენდუმის გარეშეც უკვე საკმაოდ რთული იყო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, “სამართლიანი არჩევნების” წინადადებით, უმჯობესია  რეფერენდუმი მოგვიანებით, ცალკე ჩატარდეს, მით უმეტეს, რომ როგორც რეფერენდუმის ინიციატორები აცხადებენ, რეფერენდუმის შედეგები 2007 წლის პარლამენტს უნდა შეეხოს.

ცოტა ხნის წინ იურისტმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების დღიდან შედის, იგი საბოლოოა და მისი შეცვლა და გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ახალი რეფერენდუმის ჩატარების გზით.

2 ნოემბრის არჩევნების შედაგად, ახალ პარლამენტს 235 წევრი ეყოლება. თუმცა, წარმატებული რეფერენდუმის შემთხვევაში (რომლის შედეგებიც 7 ნოემბერს გახდება ცნობილი), მხოლოდ 150 წევრისგან შემდგარი პარლამენტი იქნება კანონიერი.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას 3 სექტემბერს მოაწერა ხელი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)