რუსი სამშვიდობოები ზუგდიდში გატაცებულ ჯარისკაცს ეძებდნენ
(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მასიბრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებს ზუგდიდის რაიონში რუსული სამშვიდობო ჯარების მიერ მოსახლეობის ბინების ჩხრეკის თაობაზე.
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 30 სექტემბერს გაავრცელეს ცნობა, რომ ზუგდიდში 200-მდე რუსი სამშვიდობო კონტინგენტის ჯარისკაცი შეიყვანეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, რომლებიც 27 სექტემბერს ზუგდიდში გატაცებული რუს ჯარისკაცს ეძებდნენ.
შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერტობების სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა “სივილ ჯორჯიას” 30 სექტემბერს განუცხადა, რომ რუს ჯარისკაცებს მოსახლეობა და მათი საცხოვრებელი სახლები არ გაუჩხრეკიათ.
გომელაურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს ძებნითი სამუშაოები და ამჟამად ტოვებენ ზუგდიდის რაიონის ტერიტორიას.
27 სექტემბერს ზუგდიდის ცენტრიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს აფხაზეთში განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის რიგითი. ქართული პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გატაცება ინსცენირებული იყო რუსი ჯარისკაცის მიერ დეზერტირობის ფაქტის დასაფარად, რადგან ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა დაფიქსირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)