საქართველო და აშშ თანამშრომლობას აფართოებენ

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ფაზაში შევიდა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ბრიფინგზე, რომელიც 21 ოქტომბერს მისი ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ გაიმართა.

აშშ-ში თევზაძის ვიზიტის დროს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის სამი წლით გაგრძელების თაობაზე.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ჩამოვა, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალების პრობლემებს გაეცნოს, ასევე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მომზადებული მე-11 ბრიგადის მომზადების დონე შეაფასოს.

“აშშ გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეფორმირების საქმეში”, – დასძინა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)