აღორძინების ლიდერი პატარკაციშვილის ქონების კონფისკაციას მოითხოვს
(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აღორძინების კავშირისა და სახელისუფლებო ბლოკის მიერ 18 ნოემბერს ორგანიზებულ გაერთიანებული ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციაზე “აღორძინების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევა მოითხოვა.
“ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომლებმაც ფული საზღვარგარეთ იშოვეს, ინვესტიციები ქართულ პოლიტიკაში ჩადეს. უმჯობესია მათ ეს ფული ხალხს დაუბრუნონ. ქორწინების სასახლე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა შეისყიდა, ხალხს უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ აქციაზე.
არსებული ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება, შევარდნაძის საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსა.
თუმცა, ჯემალ გოგიტიძის განცხადებას არანაირი პროტესტი არ გამოუცხადეს სახელისუფლებო ბლოკის წევრებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ 18 ნოემბრის აქციას.
This post is also available in: English (ინგლისური)