ბორის ბერეზოვსკი: თბილისში ჩემს მეგობართან ვიმყოფებოდი
(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი თბილისში ვიზიტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ იგი თბილისში თავის მეგობართან, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან იმყოფებოდა. ამის შესახებ მან რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” 3 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბორის ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. იგი თბილისში ღამის 0:15 წუთზე სპეცრეისით ლონდონიდან სხვა სახელითა და გვარით ჩამოფრინდა, აეროპორტის სარეგისტრაციო ჟურნალში ბორის ბერეზოვსკი პლატონ იელენინის სახელით და გვარით გაფორმდა. ბორის ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლაში საფრთხეს ვერ ხედავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, 4 იანვირდან, როდესაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ყველას მოუწევს კანონის დაცვა. “ეს არ არის შევარდნაძის დროინდელი დუქანი, ვისაც უნდა გავა და ვისაც უნდა შემოვა. 4 იანვრის შემდეგ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს შეუძლებელი გახდება, ყველას მოუწევს კანონის დაცვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს ბერეზოვსკის ვიზიტის კომენტირებისას. თვითმფრინავი, რომლითაც ბორის ბერეზოვსკი თბილისში ჩამოფრინდა, ქართველ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის. ბორის ბერეზოვსკი თბილისში დაახლოებით ხუთი საათი იმყოფებოდა და 5:15 საათზე იმავე თვითმფრინავით ლონდონში დაბრუნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)